ბერძნულ-რომაული ჭიდაობა| რამაზ ზოიძემ პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში თითოეულ წონით კატეგორიაში პარიზის ოლიმპიადის დარჩენილი 3-3 საგზური გათამაშდება. 9 მაისს ლიცენზიის მოსაპოვებლად ხუთმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა, რომელთაგანაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზური რამაზ ზოიძემ (67 კგ) მოიპოვა – ქართველმა ნახევარფინალში ჩინელი მოჭიდავე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირის ფინალისტებმა ოლიმპიადის საგზურები გაინაღდეს.
ხვალ, 10 მაისს, შეჯიბრებაზე იური ლომაძე (77) და ლაშა გობაძე (87) იასპარეზებენ, რომლებიც ნახევარფინალში დამარცხდნენ. ისინი ბრინჯაოს მედლებისთვის განაგრძობენ ბრძოლას და ბოლოს თითოეულ წონით კატეგორიაში ეგრეთ წოდებული „ბრინჯაოს ფინალები“ შედგება – მესამე ადგილზე გასული მოჭიდავეები ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ლიცენზიებისთვის სპორტსმენები 11-12 მაისს იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).
აღსანიშნავია, რომ დღემდე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ოთხ ქართველ მოჭიდავეს ჰქონდა მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.