ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | თემურ ორჯონიკიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ნახევარფინალში იასპარეზებს.
ქართველი ფინალში გასასვლელად გერმანელ სამუელ ბელშეიტს შეხვდება. დღეს გამომსვლელმა კიდევ ორმა ფალავანმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130კგ) ბრინჯაოსთვის, შესაძლოა, რეპეჟაშიდან იბრძოლონ.
ნახევარფინალები 18:45 საათიდან დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველს ვიხილავთ. ოქროს მედლისთვის დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ) იჭიდავებენ.
ფინალურ ბლოკში გამოვლენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ) – ქართველები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.
ფინალური დაპირისპირებები დღეს, 22 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.