ბერდია სიჭინავა - წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებს ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, „ოცნების“ წარმომადგენლებს
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მსგავსად, დღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ.
ბერდია სიჭინავამ საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელ კორნელი სალიას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, სადაც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს გადამწყვეტი უმრავლესობა და ჩვენი პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს მოქალაქეების მიერ მინიჭებულ გადამწყვეტი ხმების მანდატებს.
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მსგავსად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა მუნიციპალური კრიზისის დასრულებისკენ და საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ბატონი კორნელი სალია. მინდა, ვულოცო მას, ვუსურვო წარმატებული საქმიანობა წალენჯიხისა და წალენჯიხელებისთვის“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამასთან, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებს სთავაზობენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, „ოცნების“ წარმომადგენლებს.
„კომისიების ფორმირებისთვის მოვუწოდებთ როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ საკრებულოს ერთობლივ მართვაში და თანაბრად აიღონ პასუხისმგებლობა წალენჯიხაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების წინაშე. საზოგადოება, ალბათ, შენიშნავდა, რომ ჩვენი პარტიის დაფუძნების დღიდან, „ოცნების“ წარმომადგენლები გვაბრალებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები – „ოცნებასთან“, შეიძლება ორივე პარტიისთვის უცხოა, ჩვენ ვმოქმედებთ მარტივი პრინციპით, ეს არის პრინციპი, რომელიც ეფუძნება ჩვენი მოქალაქეების მიერ ამ მუნიციპალიტეტში გაკეთებულ არჩევანს. 7 მუნიციპალიტეტში, როგორც მოგეხსენებათ, მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანით თქვეს, რომ არც „ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ ხილვა არ სურთ უმრავლესობით. შესაბამისად, მათ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ავიღოთ ყველამ ერთად. ეს ორივე პოლიტიკური ძალა კი, უკვე თვეებია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იქცევა უპასუხისმგებლოდ, არათანმიმდევრულად და მოქმედებს ვიწროპარტიული ინტერესებით, მუნიციპალიტეტებში ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რისი შედეგიცაა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ხალხის მიერ არჩეული საკრებულოების ამ დრომდე უფუნქციოდ დარჩენა. შესაბამისად, მუნიციპალური კრიზისი და მოქალაქეების მოუგვარებელი პრობლემები.
როდესაც წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე, ორივე პარტიის, როგორც „ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ვთავაზობთ, დაგვიჭირონ მხარი, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურაზე და კომისიის ფორმირების პროცესში თანაბრად იქნას წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. საკრებულოებში, სადაც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციური უპირატესობით უნდა იყოს პოზიციები წარმოდგენილი, მაგრამ არა ისე, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, პრინციპით, რომ მათ ჰქონდეთ თანამდებობები და არც ერთი თანამდებობა „ქართულ ოცნებას“, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.