საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარზე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების საკითხზე გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარება 8 დღიან თვითიზოლაციას, ხოლო, ამ ტესტის არ ქონის შემთხვევაში, ეს ადამიანი გადავა, კარანტინიც ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მას არ მოუწევს საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ ექნება თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფომ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს მათ შესაბამის სასტუმროებში განთავსებას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.