ბერდია სიჭინავა - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მოსამართლეების დასანქცირების ფაქტზე, ახლა არ არის ემოციური რეაგირების დრო, აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გატარება
აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლოს კორუფციული სინდიკატის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით, არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს კონკრეტულ საკითხებზე. ბერდია სიჭინავას განმარტებით, ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, მათ შორის სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან.
„სიმბოლურია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლემ საქართველოში უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სასამართლოს კორუფციული სინდიკატის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით არის პირდაპირი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ პერსონებს საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე ეკისრებათ. ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესება, რა თქმა უნდა, არავისთვის წარმოადგენს პოზიტიურ, სასიხარულო ინფორმაციას, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი და რეპუტაციული ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მეგობრის და სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების ეს გადაწყვეტილება, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, სწორედ ჩვენი მოქალაქეების დაცვას და მხარდაჭერას, სასამართლო სისტემაში მომუშავე კეთილსინდისიერი, ღირსეული მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, ქვეყანაში დემოკრატიის და ჩვენი მომავლის გადარჩენას ემსახურება.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე, ახლა არ არის ემოციური რეაგირებების დრო, აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გატარება. ყველაზე მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს, ხელისუფლებამ მომდევნო ვიწროპარტიული, ირაციონალური და ერთი ადამიანის ნაკარნახევი ნაბიჯებით კიდევ უფრო არ დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საწყის ეტაპზე გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. კერძოდ, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები გადადგნენ დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ჩვენ მიერ დაინიცირებული საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების ე.წ. ორმაგი ორი მესამედის პრინციპის დანერგვასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც წარიმართება ინკლუზიურად, ყველა დაინტერესებული აქტორის ჩართულობით. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დამაზიანებელი რიტორიკის ნაცვლად, კონცენტრირდეს ჩამოთვლილ საკითხებზე და მოახდინოს მათზე მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.