ბერა ივანიშვილი - მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, თქვენი ქართველი ძმა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები, ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს
ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად დგომა, გუშინდელი დღესავით მახსოვს, 16 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი დაიწყო და მამაჩემის გვერდით ვიბრძოდი. მინდა, გითხრათ, რომ მაშინაც და დღესაც მამაჩემს ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გავყვებოდი და გავყვები, – ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ მშვიდობიან, გაბრწყინებულ, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში.
„თუ შეიძლება ითქვას, მაშინ ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე მეც მამა ვარ და სულ სხვანაირად აღვიქვი და გავათვითცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები, ამდენი წელია. მინდა, ჩემმა ბერუკამ, ჩემმა დადუმ, თითოეული თქვენგანის შვილებმა, ჩვენმა საყვარელმა, საოცარმა პატარებმა იცხოვრონ ერთიან, გაბრწყინებულ, მშვიდობიან, ძლიერ, ღირსეულ საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ამისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა, ამ გზას ჰქვია „ქართული ოცნება“. მეც, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, თქვენი ქართველი ძმა, სადაც არ უნდა ვიყო, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნები. ჩვენს საქართველოს გაუმარჯოს!“ – განაცხადა ბერა ივანიშვილმა.