ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული „ქალაქი თოვლში“ იტალიურ ენაზე ითარგმნა
ტურინის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული „ქალაქი თოვლში“ იტალიურ ენაზე ითარგმნა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პროექტი სწორედ ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.
თარგმანსა და გამოცემაზე გამომცემლობამ Stillo Editrice-მა იმუშავა. ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ასევე არსებობს წიგნის გერმანულენოვანი ვერსია, რომლის თარგმანიც ნუნუ გელაძეს ეკუთვნის.
ბექა ქურხულის ახალი პროზაული კრებული „ქალაქი თოვლში“ ერთმანეთისაგან განსხვავებულ ხუთ მოთხრობას აერთიანებს. პირველ მოთხრობაში „მკვლელი“ ავტორი აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ ქართველი მებრძოლებისა და პარტიზანების ცხოვრებასა და ბრძოლაზე მოგვითხრობს. მოთხრობაში აღწერილი რეალური ამბები იმ ზეგავლენას ასახავს, რომელსაც ომი ახდენს უბრალო ადამიანებზე, ქართველებსა და აფხაზებზე. ადამიანებზე, რომლებიც ომამდე ერთ მიწაზე ცხოვრობდნენ და საუკუნეების განმავლობაში საერთო სამშობლო და უახლოესი სისხლით ნათესაობა აკავშირებდათ.
მოთხრობა „ქალაქი თოვლში“ ახალგაზრდა ბიჭისა და გოგონას სიყვარულზეა, რომლებსაც 90-იანი წლების უშუქობისა და სიცივის მიუხედავად ათბობთ გრძნობა, რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში.
მოთხრობის „სიზმრად ვნახე“ გმირი უსინათლო ადამიანია. ასეთი ადამიანი ჩვენ გარშემო უამრავია, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი შემჩნევა. უმეტეს შემთხვევაში კი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვუწვდით ხელს. მწერალი ცდილობს ჩაწვდეს იმ ადამიანის გრძნობებს, რომელიც დღის სინათლეს ვერ ხედავს.
მოთხრობაში „საღამო“ ავტორი იხსენებს სკოლის წლებს, მაშინდელ კოლორიტულ და მრავალეთნიკურ თბილისსა და მეგობრებს, რომელთა უმეტესობა დღეს ცოცხალი აღარ არის.
მეხუთე მოთხრობა „მუსაქალი“ ავღანეთში ნატოს მისიით წარგზავნილ ქართველ სამხედროებსა და მიმდინარე წელს განვითარებულ უახლეს მოვლენებზე მოგვითხრობს.
კრებული 2014 წელს წარდგენილი იყო „საბას“ კონკურსზე საუკეთესო პიესის ნომინაციაში.