ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას მიმართა - შეგიძლიათ, ნებისმიერ თემას მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ გულშემატკივარს
მერამდენე წელიწადია, 27 მაისს ვზეიმობთ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, ჩვენი დიასპორის დღეს და სწორედ იმიტომ მიხარია, რომ მეძლევა საშუალება, ვნახო მრავალი ჩვენი თანამემამულე, ჩვენი დიასპორელები. ეს დღე ის დღეა, სადაც, უკვე რვა წელია, არცერთი არამცთუ ეს ადამიანი, ვინც დღეს წარმოადგენს ემიგრაციის ფსევდოგულშემატკივარს, არ მინახავს, ზოგადად, ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
ბექა ოდიშარიას შეფასებით, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ღია კარს ამტვრევს.
„რაც შეეხება დღევანდელ წარმოდგენას, სახელწოდებით ინტერპელაცია, მას წარმოგვიდგენენ დარგის ნეგატიური რეკორდსმენები, რომელთა სინდისზე და მმართველობის პერიოდზე მოდის 2003-24 წლებში გასული ადამიანების სრული რაოდენობის 2/3“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ყველაფერს აკეთებს, როგორც სიტყვით, ასევე საქმით.
მისივე განმარტებით, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ყურადღებით მოუსმინა პარტია „ლელოს“ მიერ „ნაცებისთვის“ და კოლექტიური „ნაცებისთვის“ დაქირავებულ კონსულტანტს როზნერს, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულად დიასპორის მიმართულება წარმოაჩინა.
„ნებისმიერ თემას შეგიძლიათ, მიუჩინოთ ხელოვნური სპიკერი, მაგრამ დიასპორაში გაგიჭირდებათ, რადგან დიასპორა უნდა გიყვარდეს და გრძნობდე, რადგან დიასპორა გაცილებით უფრო მგრძნობიარე და დაკვირვებულია, ვიდრე საქართველოში მცხოვრები ქართველი კაცი. ისინი ადვილად ამოიცნობენ ყალბ მოამაგეს და გულშემატკივარს, ისინი ადვილად აიდენტიფიცირებენ ადამიანებს, რომლებიც მათ ეპყრობიან მერკანტილურად. თქვენგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი გულწრფელად იღვწის, რომ შეიქმნას ბუნებრივი გარემო და გენერირდეს მიზიდულობის ძალა, რათა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გაუჩნდეთ ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი სამშობლოში. ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით სოციალურ პაკეტებს, მუდმივად ვაუმჯობესებთ სერვისებს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, დიასპორასთან ყოველი შეხვედრისას ქართველი დიპლომატები მუდმივად ახერხებენ მათთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობის ახსნას.
„ეს პროცედურა არა მხოლოდ არჩევნების ჭრილშია მნიშვნელოვანი. ჩვენი ელჩები, კონსულები და მათი თანამშრომლები იმავე „კოვიდის“ დროს, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად, სურსათ-სანოვაგით, პირველადი მოხმარების საგნებითა და წამლებით სავსე ამანათებით დადიოდნენ დიასპორაში კარდაკარ და ჩვენს მართლაც გმირ და ყოჩაღ დიასპორელებს ედგნენ გვერდით, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები, მეგობრები და დიასპორელები. აქვე, მინდა, აღვნიშნო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, პარტიის, მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს „კოვიდის“ დროინდელი აქტივობები და მათ შორის ის, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი თანამემამულე საქართველომ დააბრუნა სამშობლოში საჰაერო თუ საზღვაო გზით“, – აღნიშნა ოდიშარიამ.
მანვე აგრეთვე ისაუბრა ვიზალიბერალიზაციასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
„ეს მხოლოდ ჩვენს ანგარიშზეა და ის მიღწეულია ოპოზიციის ნულოვანი ჩართულობით, რადგან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაშაძე, ხაბეიშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილის, პარტია „ლელოს“ ახალი სახეები, მამუკა ხაზარაძის სელექციის უზადო ნიჭის ნაყოფები – ამხანაგი სამადაშვილი, უსუფაშვილი და სხვები, მრავალ სხვა ერის მოძულესა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მოწინააღმდეგეებთან ერთად ირჯებოდნენ სტატუსის მიღების შესაძლებლობის საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.