ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას მიმართა - არცერთ თქვენგანს არ დაგითმობთ ევროპელობას, არ გაგიტარებთ სიძულვილს, რომელსაც ამჟღავნებთ და რომლითაც წამლავთ ჩვენს ახალგაზრდებს
არცერთ თქვენგანს არ დაგითმობთ ევროპელობას, არ გაგიტარებთ სიძულვილს, რომელსაც ამჟღავნებთ და რომლითაც წამლავთ ჩვენს ახალგაზრდებს, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
ოდიშარიამ ასევე მიმართა ოპოზიციას, ვინ ასწია ხელი, როდესაც რამდენიმე თვის წინ არჩილ თალაკვაძემ კითხვა დასვა, ვინ უჭერდა მხარს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.
„ბოდიშს ვიხდი, რომ ბოროტად ვსარგებლობ და გარკვეულწილად ვარღვევ რეგლამენტს, ვინაიდან, საორგანიზაციო კუთხით, არ ვიყავი გათვალისწინებული გამომსვლელებში. ღარიბაშვილს ეკითხებიან, რა გააკეთეო. მინდა, ჩემს შვილებს ვუთხრა, გააკეთა ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობა გვაქვს – ევროპაში თავისუფლად გადაადგილების. მეორე ამბავი, არცერთ თქვენგანს არ დაგითმობთ ევროპელობას. არ გაგიტარებთ ამ პათეტიკას, სიძულვილს, რომელსაც ამჟღავნებთ და რომლითაც წამლავთ ჩვენს ახალგაზრდებს. იყო დრო, როდესაც ჩემი თაობა თავისუფლებად, თავისუფლების კონცეფციად ამერიკულ ოცნებას, ამერიკულ დროშას, ჰიმნს განიხილავდა. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი არ იყო ჩვენთვის ის პირველი რესპუბლიკის ჰიმნი, რომელიც ძალიან საამაყო იყო და რომელიც შემდგომში შეიცვალა.
მინდა, ერთი შეკითხვა დავსვა: რამდენიმე თვის წინ არჩილ თალაკვაძე რომ გამოვიდა ტრიბუნასთან და გკითხათ, ხელი ასწიეთ, ვისაც მიგაჩნიათ, საქართველო იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას თუ კანდიდატობასო, რამდენმა ასწიეთ ხელი? 2-3 ადამიანი იყო, ვინც ხელი ასწია. ტრენდი შეიცვალა? დასკვნებიც შეიცვალა? ვინ შეცვალა ეს ტრენდი, ვისმა გაწეულმა მუშაობამ? ალბათ მთავრობის მიერ გაწეულმა სამუშაომ. მხოლოდ ვკითხულობ, ვინ ასწია ხელი, ვიდრე ტრენდი შეიცვლებოდა. ვინ ასწია ხელი, როდესაც არჩილ თალაკვაძემ იკითხა, იმსახურებს თუ არა ევროპული ოჯახის წევრობას საქართველო“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.