ბექა ოდიშარიამ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ბექა ოდიშარიამ ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და სიგელები გადასცა.
„დიასპორა ეს არის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა არის გამოწვევა, რადგან სოციალური მდგომარეობის, შეჭირვების გამო წასული არიან და უცხოეთში მოღვაწეობენ და მათ ჩვენი დროის გმირებს ვუწოდებთ, თუმცა ამ ადამიანებმა თავის წიაღში, თავის ოჯახში შვეს ახალი თაობები, ის ახალგაზრდები, რომლებმაც დაგროვებული ცოდნით და გამოცდილებით უნდა შექმნან ძლიერი საქართველო. მათ ელოდება საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხალხი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, აღნიშნული კონკურსი გაფართოვდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
„მინდა, გამარჯვებულებსა და მონაწილეებს მოგილოცოთ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების ზეიმი. როგორც პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა ჩვენი დიდი პატრიარქის სიტყვები, დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს. დიახ, დიასპორასთან ერთად დიდგორი ჩვენ ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს“, – მიმართა ღონისძიებაში მონაწილეებს ბექ ოდიშარიამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში სამ საგრანტო პროგრამაში – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ 154 აპლიკანტი მონაწილეობდა. სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ, რომელთა შორის იყვნენ პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, 43 გამარჯვებული გამოავლინა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.