ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს მიმართა - ჩვენს ზრდილობაზე ვიდრე დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ
ჩვენს ზრდილობასთან მიმართებაში ვიდრე დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს.
ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის წევრებს დამშვიდებისკენ მაშინ მოუწოდა, როდესაც დეპუტატი ნინო წილოსანი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონპროექტს“ წარადგენდა.
„მინდა, გთხოვოთ, ბატონო შალვა, საშინელი ხმაურია დარბაზში და იქნებ თქვენივე უმრავლესობის წევრებს მაინც მოუწოდოთ, რომ გუნდის წევრს და ვიცე-სპიკერს პატივი სცენ, როდესაც ის ტრიბუნასთან დგას და მოუსმინონ“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ამასთან, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს მიმართა, რომ მასწავლებლობას თავი დაანებოს.
„ქალბატონო ანა, დაანებეთ მასწავლებლობას თავი. სხვათა შორის, ჩვენს ზრდილობასთან მიმართებაში ვიდრე დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ და უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან, როგორ საუბრობთ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე როგორ საუბრობთ. ქალი ხართ და არ გეკადრებათ, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას“, – მიმართა ბექა ოდიშარიამ ანა ნაცვლიშვილს.