ბექა ოდიშარია - ყველა მიშისტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ანასხლეტი ამ პარტიასთან ერთად უნდა აღმოჩნდეს ერთ ნავში ერთიანი სიით და მკაფიო არჩევანი ექნება საზოგადოებას, სიბოროტე თუ სიკეთე
ოპოზიცია ისედაც გახლდათ ერთიან სიაში, ოღონდ მათი პატრონების და მათი ინსტრუქტორების, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ახლა კარგია, ქართული საზოგადოება შეიტყობს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი ნარატივი წინასაარჩევნოდ და ეს არის აბსოლუტური რეალობა.
„ყველა მიშისტი, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად უნდა აღმოჩნდეს ერთ ნავში ერთიანი სიის მეშვეობით და საზოგადოებას ექნება ძალიან მკაფიო არჩევანი – სიბოროტე თუ სიკეთე, ეკონომიკური განვითარება და ევროპისკენ ღირსებით სვლა, როგორც ეს აქამდე იყო, დაწყებული ასოცირების ხელშეკრულებიდან, დამთავრებული კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. ძნელად პროგნოზირებად ძალად იქცა „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავამ შეცვალა, რას ემსახურება, რომელი გროსმაისტერი თამაშობს ამ ფიგურებით და რა ტაქტიკით, ჩემთვის გაუგებარია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, მათ ჰყავთ პოლიტიკურ საბჭოში გაცილებით უფრო წიგნიერი და გამოცდილი, პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, მაგრამ კომიკური სიტუაციაა. ეს ადამიანები, ზოგადად, არიან ძალიან ამბიციურები და თვითკმაყოფილებას როდესაც ვერ განიცდიან, როგორც ეს ხაბეიშვილის შემთხვევაში იყო, კეზერაშვილს დაჭერით ემუქრებოდა, მაგრამ როგორც კი გროშ-კაპიკი გადმოუგდეს, მაშინვე გახდა აპოლოგეტი კეზერაშვილის და მისი ხელის ბიჭი. შესაბამისად, ამ ადამიანებს პრინციპები საერთოდ არ აქვთ, მათ აქვთ ანგარება და ამბიცია, ამ მოცემულობაში რა და როგორ იქნება, ძნელია პროგნოზირება“, – განაცხადა ოდიშარიამ.