ბექა ოდიშარია - წარმოუდგენელია, ყოფილი პრეზიდენტი მეორე ყოფილ პრეზიდენტს იცავდეს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში და ქვეყანა დამნაშავე გამოჰყავდეს, ხოლო საკუთარი თავი - ჰუმანისტი
ბექა ოდიშარია - წარმოუდგენელია, ყოფილი პრეზიდენტი მეორე ყოფილ პრეზიდენტს იცავდეს ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში და ქვეყანა დამნაშავე გამოჰყავდეს, ხოლო საკუთარი თავი - ჰუმანისტი

გიორგი მარგველაშვილი ვერსად გაექცევა იმას, რომ ის მონაწილეა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაურკვეველი წარმომავლობის ფულით დაფინანსებული ბინძური კამპანიის, რაც ძალიან დასანანია, რადგან ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, მარგველაშვილი დადასტურებულად მონაწილეა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, რაც დაფინანსებული იყო სააკაშვილის ოჯახის მიერ და მიმართული იყო ქვეყნის დასანქცირებისკენ.
„ეჭვი შეგვაქვს იმაში, რომ კოალიცია მისი დაარსებულია და დეკლარაცია მისი დაწერილია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტში პირდაპირ არის მითითებული, რომ გარკვეული თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი იმაში, რომ გიორგი მარგველაშვილს ჩამოეყალიბებინა კოალიცია და ამის დისტრიბუცია მომხდარიყო. 12 ათასი დოლარი ვინ და რა დროს აიღო, ამის მტკიცების საფუძველი არ მაქვს და უდანაშაულობის პრეზუმფციით რომ ვიხელმძღვანელო, მექრთამეობაში მარგველაშვილს არ დავადანაშაულებდი. ის მექრთამეობაში არავის დაუდანაშაულებია, თუმცა, რატომ მექრთამეობა? ვერავინ დაიჯერებს, რომ მარგველაშვილი საქმის კურსში არ იყო და ამ ბინძური კამპანიის მონაწილე ისე გახდა.

მარგველაშვილი დადასტურებულად მონაწილეა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, რაც დაფინანსებული იყო სააკაშვილის ოჯახის მიერ და მიმართული იყო, რომ დასანქცირებულიყო ქვეყანა და არა – ხელისუფლება. მათ ხერხად გამოიყენეს სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც თვითდაზიანების რეჟიმშია და ამას საზოგადოება ხედავს. ეს ადამიანი ორპალატიან ლუქსშია და ყველანაირი მკურნალობა უტარდება, ინსინუაციებს კი წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ.

როგორც წარსულში ისტორიულად, ასევე აწმყოში, გარე და შიდა გამცემი მტერი გვყავს და უამრავი ადამიანია, ვინც საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მზად არის, თავის ქვეყანას ლახვარი ჩასცეს ზურგში. ამის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნით და ვერც ვერასოდეს ეყოფათ. როგორ შეიძლება, პასუხი გასცე იმას, როცა საკუთარ ქვეყანას მტრობ? წარმოუდგენელი ამბავია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მეორე ყოფილ პრეზიდენტს იცავდეს დაფინანსებული, მაოხარი, ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ფარგლებში და ქვეყანა დამნაშავე გამოჰყავდეს, ხოლო საკუთარი თავი – ჰუმანისტი. ეს უფრო ნაკლები მორალური დანაშაულია, ვიდრე მექრთამეობა? ჩემი აზრით, დიდი დანაშაულია, როცა გააზრებულად ხარ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის მონაწილე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.