ბექა ოდიშარია - ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს თუ დააბრალა ომის წამოწყება, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს თუ დააბრალა ომის წამოწყება, პირველ რიგში, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს იყო ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც პრაქტიკულად ამ განცხადებით გახსნა თავისი წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ტალიავინის დასკვნას.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ტალიავინის დასკვნას და იმ ინტერვიუს, რომელშიც ცდა ჰქონდა „რადიო თავისუფლებას“, გამოქომაგებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და რაიმე ახალი მესიჯი გამოეტყუებინა გამოცდილი დიპლომატისთვის, რომელიც წაადგებოდა ამ წყალწაღებული, ხავსმოკიდებული ძალის გადარჩენას. მიზანია, რომ რამენაირად ჩამოებანა ის უდიდესი დანაშაულებრივი სირცხვილიც და ქმედებაც, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერასთან, სხვა ქმედებებთან, რომელიც კარგადაა ცნობილი – ეს არის ზემო სვანეთისთვის, კოდორისთვის აფხაზეთის წოდება, პლაცდარმის შექმნა ოკუპანტის შეტევისათვის, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღდგენა, რომელიც ეროვნულმა მთავრობამ გააუქმა მართებულადაც, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება სამხრეთ ოსეთში და მრავალი სხვა. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებების – კასეტური ბომბების, ისკანდერების გადამალვა და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პირობებში ამის ყველაფრის ხელახლა გამოძიება და გამარჯვება სტრასბურგსა და ჰააგაში. ჩვენ სწორედ რომ ავაცილეთ ის ბრალდებები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგვიტოვა მემკვიდრეობად ქართული ჯარის, სახელმწიფოს მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს მყარი ჯავშანი ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარს მოერგო ერთხელ და სამუდამოდ. რაც შეეხება პარტიების და მათი ტელევიზიების ამ უბადრუკ ცდას, ეს არის მხოლოდ თემის შემობრუნების მცდელობა. ვინც რაც უნდა განაცხადოს, „ქართული ოცნება“ არ ადანაშაულებს საქართველოს, არც მის ჯარს. „ქართული ოცნება“ შეეწინაღმდეგა „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ძალიან ცუდ მემკვიდრეობას და წინ აღუდგა ყოველგვარ იმ შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა ძალას მისცემოდა ჩვენი ჯარის და ჩვენი სახელმწიფოს დადანაშაულების საფუძველი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებები აბსოლუტურად დაცლილია რაიმე ბრალდებისგან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.
„არასოდეს არ მიმიცია ინტერვიუ, რომელშიც არ მითქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია და დამპყრობელი საქართველოს ტერიტორიების 20%-ისა, რაც, მათ შორის, სააკაშვილის და მისი სამოქალაქო სარდლობის უთავბოლო პოლიტიკამ განაპირობა. რაც შეეხება, იყენებს თუ არა რუსი მაღალჩინოსანი პოლიტსაბჭოს განცხადებას და ამახინჯებს მას, გეტყვით პირდაპირ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება მთლიანად დამყარებულია იმ ინტერვიუზე, რომელიც შეეხებოდა ჰაიდი ტალიავინის მიერ შექმნილ დასკვნას ევროკავშირის უმაღლესი მანდატით, რომელსაც დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილი და იმდროინდელი მთავრობა, შემდეგ მალულად შემოაპარა ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომელიც იყო მოღალატეობრივი და ქართულ ჯარს ადანაშაულებდა საომარ დანაშაულებებში და სხვა მრავალი თემაა, რომელიც იყო ზედაპირზე. ეს იყო და ასევე, ომის შემდგომი განცხადებები, რაც გააკეთა სააკაშვილის სამოქალაქო „სარდლობამ“ – ამ განცხადებებზე დაყრდნობით ნამდვილად ჰქონდათ საფუძველი პოლიტიკოსებს, მათ შორის, ოკუპანტ რუსეთშიც, რომ გაეკეთებინათ ასეთი ტიპის განცხადება. პოლიტსაბჭოს განცხადებები აბსოლუტურად დაცლილია რაიმე ბრალდებისგან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.