ბექა ოდიშარია - ვინ უნდა შეამოწმონ კეთილსინდისიერებაზე, მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძე, რომლის კეთილსინდისიერებაც გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ შეამოწმა?
ევროკავშირის ელჩთან ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს, ის საქართველოს გულშემატკივრობს, მათ შორის მისი დამსახურებაცაა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება, რადგან ქვეყანას ლობირებდა, მაგრამ რაც შეეხება კეთილსინდისიერებას, მას, როგორც დიდ გულშემატკივარს, ვკითხავდი: ვინ უნდა შეამოწმონ კეთილსინდისიერებაზე, მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძე, რომლის კეთილსინდისიერებაც გვარამიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ შეამოწმა? წერტილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ვეტინგი მიუღებელია.
„ვინ უნდა შეამოწმონ, გაქსუებულმა მილიონერმა „ენჯეოებმა“ თუ ვიღაცის მიერ მართულმა გაურკვეველმა ძალებმა? საქმემან შენმა გამოგაჩინოსო. გვარამიამ და მისმა კოლეგებმა იხტუნავეს, მაინცდამაინც კრივი ხომ არ არის და ნოკაუტში ხომ არ ჩააგდებთ ევროპული სასამართლო, რომელსაც ყოველ ჯერზე ის გადაწყვეტილება გამოაქვს, რომელიც ამათ არ ეპიტნავებათ, სააკაშვილიდან დაწყებული პანტაპუნტი ოპოზიციონერებით დამთავრებული. „ვეტინგი“ და რაღაც მსგავსი გაუგებარი მანევრები, ამ პროცესებში ხელის ფათური მიუღებელია. მეტი როგორ ვთქვათ?“ – განაცხადა ოდიშარიამ.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო.
ამასთან, დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა: „გვარამიას საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით პასუხი მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც ჩემს გადაწყვეტილებაზე კითხვები ჰქონდათ“.