ბექა ოდიშარია - „ვეტინგის“ სისტემა არის ადეიშვილის სისტემა, ადეიშვილიზმი
„ვეტინგის“ სისტემა არის ადეიშვილის სისტემა, ადეიშვილიზმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვით, ხუთი მოსამართლე – მამუკა წიკლაური, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური თანახმა არიან, ე.წ. ვეტინგის, კეთილსინდისიერების ტესტი ჩააბაროს.
მისი თქმით, არცერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ, რომელთაც შეიძლება, ქუდი ეწვოდეთ.
„მე, როგორც პარლამენტის წევრს, არ მსურს, შევიდე გარკვეულ კონფლიქტში, მით უმეტეს, დამოუკიდებელ სასამართლო ხელისუფლებასთან, მაგრამ ამ ხუთ მოსამართლეს რჩევას მივცემდი, მათაც დაანებონ თავი კეკლუცობას. არცერთ მოსამართლეს არ აქვს კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით პრობლემა და, შესაბამისად, წინ რომ გამოხტებიან, შეიძლება, მგელმა შეჭამოს. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაცაში არ არიან მართლაც კეთილსინდისიერები. როგორც წესი, ის ადამიანები ხმაურობენ და ყველაზე მეტად ცდილობენ თავის გამოჩენას, რომელთაც, შეიძლება, ქუდი ეწვოდეთ.
„ვეტინგის“ სისტემა არის ადეიშვილის სისტემა, ადეიშვილიზმი. იმ ძალას, რომელიც ახორციელებს მავნე მოვლენებს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ და ერევა უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში მე-5 კოლონის ხელით, რასაც წარმოადგენენ პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი, მილიონერი „ენჯეოშნიკები“ და ახლა, რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს, შეიძლება, დაემატოს მოსამართლეთა კორპუსი, მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი, თუ ისინი მართლაც აცხადებენ, რომ არიან „ვეტინგის“ მომხრენი. ადამიანების 95%- 99%, რომლებსაც კარგად აქვთ გასისხლხორცებული, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაქვს სუვერენული ინტერესები, ვერ მივცემთ საშუალებას, თავიანთ კლანჭებში ჩაიგდონ მოსამართლეები, ყველა გაყარონ და მოიყვანონ თავიანთი ხელის ბიჭები და გოგოები და ატყაპუნებინონ მერე ჩაქუჩები იმის შესაბამისად, თუ რა მიზნები და პოლიტიკური „ეჯენდა“ ექნებათ. რევანშს არ დავუშვებთ არც მოსამართლეების და სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, არც პარლამენტის შენობაში შემოჭრის და არც ყალბი კამპანიების წარმოების გზით, როგორც იყო წარმოებული „ფარას“ თარგმანის შემდეგ ქართულად და ის დაფინანსებული კამპანიით იყო მონათლული რუსულ კანონად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.