ბექა ოდიშარია - ვესაუბრე „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმებს, ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია „ნიუ ჰოსპიტალში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვი მკურნალობს.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ის ესაუბრა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელ დავით ციბაძეს.
„ბატონი დავითი ხელმძღვანელობს რეანიმაციულ პროცესს და რაც მთავარია, ისინი არიან ოპტიმისტურად განწყობილი. დანარჩენისგან თავს შევიკავებ, რადგან ბავშვი რჩება რეანიმაციაში და ნაკლებად მძიმე, თუმცა პროცესი მაინც წინ არის. არ დგას დღის წესრიგში საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი. ეს წუთია, გამოვედი იმ ადამიანების ჯგუფიდან, რომლებიც დღესა და ღამეს ათენებენ დავით ციბაძის ხელმძღვანელობით და დადებითად არიან განწყობილები. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია, ოჯახის წევრებისა და მათი გულშემატკივრების გასახარად“, – განაცხადა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ გამოძიება იყოს მყისიერი და გამოაშკარავდნენ ადამიანები, რომლებსაც პირდაპირ მიუძღვით ბრალი დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმში.
„უნდა გამოაშკარავდნენ ადამიანები, რომელთაც ბრალი მიუძღვით უყურადღებობაში და იმაში, რომ ეს ანგელოზი მარიტა აღარა ყავს საზოგადოებას, შემდეგ ალბათ დასკვნებს გავაკეთებთ ყველა ერთად“, – განაცხადა ოდიშარიამ.