ბექა ოდიშარია - უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით პოზიტიური მაჩვენებლები სწორი პოლიტიკით არის გამოწვეული, ეკონომიკური წარმატებები აისახა, მათ შორის ვალუტის სტაბილურობაზე, ინფლაციაზე
ისეთი ეკონომიკური აქტივობები, როგორიც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვაქვს, მთელი რიგი ეკონომიკური წარმატებები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე აისახა, მაგალითად, ვალუტის სტაბილურობაზე, ინფლაციის დონეზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ სურს პასუხი გასცეს ოპოზიციონერი დეპუტატებისა და გარკვეული ექსპერტების იმ შეფასებებს, რომლებიც ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებასთან დაკავშირებით გააკეთეს.
„ყველაფრის მცოდნე ოპოზიციურ დეპუტატებსა და მათ ექსპერტებს, არ მინდა, პასუხი გავცე. ჯერ მეთოდოლოგიაში გაერკვიონ, კარგად წაიკითხონ, რა წერია. ერთადერთი ნეგატივი, რასაც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვხედავ, ის არის, რომ ქალები გვჯობნიან მამაკაცებს. რა თქმა უნდა, ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ. ქალები მეტად იჩენენ დაინტერესებას, საქმდებიან კიდეც და მამაკაცები ჩამორჩებიან. ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს მოვუწოდებდი, რამენაირად მივბაძოთ ჩვენს ძვირფას ქალებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ამასთან, როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, უმუშევრობის დონესთან დაკავშირებით პოზიტიური მაჩვენებლები სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
„სოციალურად დაუცველებს ვაძლევდით კომპენსაციას და მათ ირიბად ეკრძალებოდათ დასაქმება, რადგან დაკარგავდნენ სოციალურად დაუცველის სტატუსსაც, კომპენსაციასაც. პრემიერ-მინისტრმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ახლა ეს ადამიანებიც დასაქმებული არიან. მილიონ ოთხასი ათასი ადამიანი არის დასაქმებული, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. სამუშაო ადგილების შექმნას იწვევს ეკონომიკური პოლიტიკა, სტაბილურობა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. სწორედ სტაბილურობამ, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია პოზიტიური მაჩვენებლები“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.