ბექა ოდიშარია - უხერხულობაზე კითხვა არ ეკუთვნის მმართველ გუნდს, უხერხულად თავი უნდა იგრძნონ ადამიანებმა, რომლებმაც ამომრჩევლის დაკვეთა არ შეასრულეს
უხერხულობასთან დაკავშირებით კითხვა არ ეკუთვნის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, უხერხულად თავი უნდა იგრძნონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი ამომრჩევლის დაკვეთა არ შეასრულეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დადგენილი წესისამებრ დაიწყო, მას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, მოწვეული სტუმრები, სტრატეგიული მეგობარი ქვეყნების ელჩები, საპატრიარქოს წარმომადგენელები.
„არჩევნების შედეგებში ეჭვი არავის შეაქვთ. ალბათ ევროპარლამენტარებს მოუსმინეთ. კრიზისის განმუხტვა და ძალიან ღირსეული იქნება თუ ოპოზიციის ნაწილი მაინც შემობრძანდება. მათ გულწრფელად მოვუწოდებ პარლამენტში შემოვიდნენ. თავიანთი ადგილები ელოდებათ. მინიჭებული მანდატების გამოყენების უფლება დღესაც აქვთ. ჩვენი ოპონენტები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსების აზრს მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ, როცა ეს მათ პარტიულ მიზნებს, ინტერესებსა და ამოცანებს ემთხვევა. „ქართული ოცნება“ ორივე შემთხვევაში ცდილობს, ჩვენი პარტნიორების და საქართველოს მეგობრების აზრის გათვალისწინებას“,- განაცხადა ოდიშარიამ.
კითხავზე, შეთანხმებულია თუ არა ბიძინა ივანიშვილთან მომავალი მინისტრთა კაბინეტის სია, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება გიორგი გახარიას პრეროგატივაა.