ბექა ოდიშარია - უცხოელი ელჩების ჩართულობას მივესალმებით, მაგრამ კონსტიტუციურ ინსტიტუციებში დიპკორპუსის წარმომადგენლების ჩართულობა მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ არ ვართ სრულყოფილი ერი
ზოგადად, უცხოელი ელჩების ჩართულობას ევროინტეგრაციის საკითხებში ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ჩვენ მათი ხელისუფლებების, ხალხების იმედიც გვაქვს, ეს ასეც მოხდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას, მაგრამ კონსტიტუციურ ინსტიტუციებში უცხოური დიპკორპუსის წარმომადგენლების ჩართულობა, თუნდაც ის იყოს უკიდურესად მეგობრული, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ არ ვართ სრულყოფილი ხალხი, ერი და ხელისუფლება, რომელსაც ძალგვიძს, ჩვენ თვითონ ვშვათ ჩვენი მყობადობა, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რატომ გვაქვს ეს რაღაცნაირი კომპლექსები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც სხვა უნდა მოვიდეს? ისე აქვთ ზოგიერთ ერებს, რომ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან, მაგრამ არ მინდა, ახლა ჩამოვთვალო კონტინენტები, სადაც ეს ხდება. მაშინ ასეთივე წარმატებით შეგვიძლია, საერთოდ უცხოელი მოსამართლეები ჩამოვიყვანოთ ან პროკურორები, დეპუტატები და ჩვენ საერთოდ წავიდეთ აქედან და მივანდოთ მათ. ჩვენ გვყავს საზოგადოება, პროფესიული წრეები, გვყავს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ბევრ ფეიკს იტყვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნება“ იმდენად ადაპტირდა მათ ფეიკებთან დაკავშირებით, რომ არსებობს ასეთი ორთაბრძოლა, ჯიუ-ჯიცუ თუ ტაეკვონდო, როდესაც შენ მტრის ძალას იყენებ. ჩვენ, როდესაც ესენი ავრცელებენ ფეიკს, გვიწევს განმარტება და საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხვდება, ვინ არის მტყუანი და მართალი.
ვფიქრობ, პროფესიული წრეების, ჭეშმარიტი სამოქალაქო სექტორის, და არა მილიონერი „ენჯეოშნიკების“, ჩართულობით, პოლიტიკური ისტებლიშმენტის, მათ შორის, არასაპარლამენტოსი, ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ და როგორც აქამდე მოვახერხეთ და კანდიდატის სტატუსს მივაღწიეთ „ქართული ოცნების“ პრაქტიკულად 100-პროცენტიანი ჩართულობით, მინუს რადიკალური ოპოზიცია, ასევე მივაღწევთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.