ბექა ოდიშარია - „სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა
ბექა ოდიშარია - „სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა

„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, შერცხვა, წაიკითხა კანონი და მიხვდა, რომ არაფერია ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „სირცხვილიას“ მსგავსად, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწევთ კანონის წაკითხვა და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება.

„ბუნებრივია, ეს არის მორიგი სკანდალური აღიარება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის, „სირცხვილიას“ მხრიდან, რომელიც, მოგეხსენებათ, არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია. ის იყო ავანგარდში იმ ძალების, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არყევდნენ ქვეყანას იმ მიზეზით, რომ თითქოს ეს კანონი გახლდათ რუსული და ის იყო დამაზიანებელი ამ ორგანიზაციებისათვის. სინამდვილეში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როგორც ჩანს, „სირცხვილიას“ შერცხვა, წაიკითხა ეს კანონი და მიხვდა, რომ იქ არაფერი არ არის ისეთი, რაც მათ საქმიანობას, მოვალეობას, თუნდაც მავნებლურს, შეზღუდავდა. შესაბამისად, მათ მოუწიათ დარეგისტრირება, როგორც მოუწევთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ე.წ. ენჯეოს, ურჩ გაქსუებულ, ფლიდ და მძარცველ „ენჯეოებს“ მოუწევთ. ქართველი ხალხი გაიგებს, თუ საიდან ფინანსდებიან ისინი, რა წყაროებით იღებენ უცხო ქვეყნიდან შემოსავლებს და რა მიზნით და მიმართულებით ხარჯავენ ამ ნაკადებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქვეყნო საქმეს აკეთებენ, უჩუმრად დარეგისტრირდნენ და საქმიანობას განაგრძობენ.

„ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხმაურობდა და აპროტესტებდა გაცილებით უფრო ცოტა „ენჯეო“, ვიდრე ზოგადად არის და ფუნქციონირებს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქვეყნო საქმეს, რომლებიც ეხმარებიან სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ეხმარებიან ქვეყანას ინსტიტუციების გამყარებასა თუ განათლების სფეროში, ისინი, ბუნებრივია, უჩუმრად დარეგისტრირდნენ და განაგრძობენ თავიანთ და ჩვენთვის ძალიან საამაყო და მადლიან საქმიანობას.

თუმცა ადამიანები, რომლებიც ფულს ჰპარავენ ევროპასა და ამერიკაში გადასახადის გადამხდელებს და მხოლოდ თავიანთი პატრონების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და, ბოდიშს ვიხდი, ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ერი, ხალხს ამ უცხო ქვეყნებიდან მოზიდული ფულით მუდმივად თვალში ნაცარს აყრიან. ბუნებრივია, ამ ხალხს არ სურს, გაუზიაროს არათუ ეს ფულადი ნაკადები, რომლებსაც არავინ არ სთხოვს, არამედ არ სურს, გაუზიაროს ინფორმაციაც კი, ამის ღირსადაც არ აგდებს ქართველ ხალხს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ აღიარებას, უკან დახევას, ისევე როგორც ჩვენ ეს ვნახეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემტანების მიერ. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ისინი პოზიციონირებდნენ მე-11 მუხლით და ადანაშაულებდნენ „ქართულ ოცნებას“ თანასწორობის შეზღუდვაში, კონსტიტუციური მუხლის დარღვევაში, შემდეგ კი თავად ამოიღეს სარჩელიდან, მათდა სამარცხვინოდ. თუმცა ჩვენ მივესალმებით, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ბექა ოდიშარია მოძრაობა „სირცვხილიას“ წინააღმდეგ კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ.

„Ეს, ბუნებრივია, ვირთაგვების ინსტინქტი გახლავთ, ისინი ახლა არიან, როგორც კასრში ჩაყრილი ვირთაგვები, რომლებიც ერთმანეთს გადაჭამენ. რა თქმა უნდა, მათ ამოძრავებთ თვითგადარჩენის ინსტინქტი. თვითგადარჩენის ინსტინქტი ახლა იმაში მდგომარეობს, რომ არაფრით არ მოხდეს ლუსტრაცია მათი შემოსავლების, არ მოხდეს ტრანსფარენტულობა და გამჭვირვალობა იმ ქმედებების, რომლებსაც ისინი ახორციელებენ უცხოეთიდან მოზიდული უწყვეტი ფულადი ნაკადებით. ისინი არ დაინდობენ ერთ-ერთი მათიანის ტყავს, დაგლეჯენ, რადგან ამ ორგანიზაციას მოუწია წაკითხვაც და აღიარება, რომ ეს კანონი არის უვნებელი და ემსახურება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ცნობილი გახდა, რომ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, „სირცხვილია“ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდება. გამოქვეყნებულ ვიდეოში ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რატომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.