ბექა ოდიშარია - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი ასაბუთებს, რომ მოახერხებენ მოჯადოებული წრის გარღვევას და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას
ბექა ოდიშარია - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი ასაბუთებს, რომ მოახერხებენ მოჯადოებული წრის გარღვევას და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას

ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა და მისი ყოველმხირივი დამოუკიდებლობა, სახალხოობა, ისევე როგორც ხარისხიანი მაუწყებლობა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, თუ დემოკრატიული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოკლე, თუ გრძელვადიანი პერსპექტივაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, საზოგადოების ერთი ნაწილი ყოველთვის ახერხებს თემის პოლიტიზებას და დისკუსიის არასწორ ჩარჩოში მოქცევას, რაც საკითხის ძირითად აზრს აზიანებს.

„არაჯანსაღი პოლიტიკური ინსინუაციების მოწმეები დღეს ჩვენ აქაც ვართ და ამ ნათელ მარგალიტებს შევეჩვეით უკვე. შესაძლოა, ამ დისკუსიას შეუერთდნენ ისეთ ადამიანები, რომელთაც მართლაც აღელვებთ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სწორი განვითარება და მათი შეუქცევადობა. მინდა, მივმართო საზოგადოების ამ ნაწილს, მინდა გავიაზროთ, თუ რა ფუნდამენტალური სხვაობაა ტერმინს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ძველ არქაულ სახელწოდებას სახელმწიფო ტელევიზიას შორის. ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა და მისი ყოველმხირივი დამოუკიდებლობა, მისი სახალხოობა, ისევე როგორც ხარისხიანი მაუწყებლობა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, თუ დემოკრატიული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოკლე თუ გრძელვადიანი პერსპექტივაში”, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატის განცხადებით, მისთვის კარგად არის ცნობილი, რა მდგომარეობა საზოგადოებრივ მაუწყებელში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო.

“ჩემთვის კარგად არის ცნობილი რა მდგომარეობაა არხზე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო, საპირისპიროდ იმ პროფესიონალი კადრების არსებობისა, რომელსაც არხი არასოდეს განიცდიდა, მათ შორის ვგულისხმობ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ამ უკანასკნელ ახლო წარსულში შემოუერთდნენ ახალ მენეჯმენტს არხის გაჯანსაღებისა და განვითარების საქმეში. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ საკითხს შევხედოთ უფრო პრაგმატულად. არსებობს საზოგადოებრივი არხი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები წლობით უხდიან ფულს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს მათ შორის უნარიანი და ნოვატორული იდეებით მოსული სხვადასხვა მენეჯმენტი ცდილობდა მაყურებლისთვის მისაღები პროდუქტის შექმნას, ზემოთ აღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის გამო, ვერ ახერხებდა სასურველის მიღწევას, რაზეც მეტყველებდა არხის რეიტინგი და ყურებადობა. ანუ გადასახდელის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხით ვერ ხერხდებოდა მათვე მოლოდინის გამართლება”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლა მენეჯმენტი მოვიდა, რომლებმაც გამოაქვეყნა ახალი ბიზნესგეგმა.

დეპუტატის განმარტებით, მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის მიხედვით, ისინი ასაბუთებენ, რომ მოახერხებენ მოჯადოებული წრის გარღვევას და მედიასივრცეში საზოგადოებრივი მაწყებლისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

„რა საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით?მერწმუნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ციფრებში გამოხატული ეს მონაცემები. ხელთ მაქვს ძალიან ავტორიტეტული კვლევები, მართლაც შთამბეჭდავია, ის ნამდვილად უმყარებს ზურგს და ნიადაგს წარმოდგენილი ცვლილებების საფუძვლიანობას. იქნება ეს ევროპული თუ სხვა ქვეყნების მიერ ასეთი მაუწყებლობის დაფინანსების მაჩვენებლები ამავე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან მიმართებაში, თუ ანალოგიური არხების შემოსავლებში სარეკლამო, თუ სხვა კომერციული საქმიანობიდან შემოსავლების წილის მაჩვენებლების თვალსაზრისით. მშპ-ს თვალსაზრისით გვაქვს, 4-5 პუნქტიანი ჩამორჩენა, ხოლო რაც შეეხება რეკლამიდან და სხვა კომერციული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, ის შეუსაბამოა, პრაქტიკული არარსებობის გამო. აქვე უნდა ითქვას ობიექტურობისათვის, რომ თუ ამგვარ შესაძლებლობას გავუჩენთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და არა სახელმწიფო ტელევიზიას, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ეს 2 მილიონს არ გასცდება, რაც ბაზრის საერთო რაოდენობის 5% უტოლდება, ასეთი გათვლები ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ, ვფიქრობ მცდარად ნავარაუდებ ბაზრის რყევებს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით,  რაც შეეხება სხვა ე.წ. რისკებსა თუ ნეგატიურ მოლოდინებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელთ არსებული თუ მომავალში წარმოქმნილი დამატებითი ფულადი სახსრების მართლზომიერ განკარგვაზე კონტროლისთვის უკვე არსებობს მრავალი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ბორდი, აუდიტის სამსახური და პარლამენტი.

„მომავალში წარმოქმნილი დამატებითი ფულადი სახსრების მართლზომიერ განკარგვაზე კონტროლისთვის, უკვე არსებობს მრავალი ქმედითი მექანიზმი. მათ შორის ბორდი, აუდიტის სამსახური და პარლამენტი. მეცხრე მოწვევის პარლამენტი სულ მცირე, კიდევ სამი წელი შეძლებს არხზე მიმდინარე  პროცესებზე, ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურ რეაგირებას და საზოგადოების ფარგლებში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.