ბექა ოდიშარია - საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მივაწოდეთ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე, იურიდიულ, სამედიცინო თუ სხვა სერვისებზე
საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მივაწოდეთ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე, იურიდიულ, სამედიცინო თუ სხვა სერვისებზე, – ამის შესახებ განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოსა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა ინფორმაციას.
„ჩვენი საერთო სურვილი იყო, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი გამხდარიყო უფრო ფართო აუდიტორიისათვის, მით უმეტეს რომ გაიზარდა და დაგროვდა იმ შეკითხვებს რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აქტუალურია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. სწორედ ამისათვის იყო შექმნილი ეს პლატფორმა“, – განაცხადა ბექა ოდიაშარიამ.
მან აქვე მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელებს.
„უღრმესი მადლობა მინდა, გადაუხადო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელებს აქ მობრძანებისათვის და იმ კითხვებზე პასუხის გაცემისათვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის 40-ზე მეტი ქვეყნიდან“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.