ბექა ოდიშარია - საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამ პლატფორმას ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები, ყველაფერი მოხდა სამთავრობო პროტოკოლის თანახმად
საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, ამ პლატფორმას ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები და მონაწილეობენ მთავრობის წევრები. ასე რომ, ყველაფერი მოხდა დადგენილი წესით და, ბუნებრივია, სამთავრობო პროტოკოლის თანახმად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებებისა და საქართველოს-სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა: „მივესალმები სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს“.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, მასაც აქვს კითხვები პრეზიდენტთან.
„მე მაინტერესებს, რატომ ხდება, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ქალბატონი სალომე შეურაცხყოფს საქართველოს ხელისუფლებას და ეს, პრაქტიკულად, ვრცელდება საქართველოზე, თავისი გამოსვლისას პარლამენტში, შეურაცხყოფს იმ გუნდს და იმ პოლიტიკას, რომელმაც საქართველოს ხალხი მიიყვანა კანდიდატის სტატუსამდე? ჩვენ ბევრი რამ გვაინტერესებს. ძალიან ნორმალურია, რომ ადამიანი ითხოვს ვიზიტებში წასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვიზიტები დასრულდა შედეგით, როდესაც შეცდომაში შეყვანილმა ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა საქართველო გააკრიტიკა. ეს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჩვენ მართლაც ხელებდაკაპიწებული ვმუშაობდით. ეს არის კითხვები. მე გითხარით ერთეული შემთხვევები. არ მინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებზე საუბარი, რადგან ისინი შეცდომაში შეიყვანეს. ახლა კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებისადმი, რადგან მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვაგრძელებთ მუშაობას საბოლოო მიზნამდე“, – განაცხადა ოდიშარიამ.