ბექა ოდიშარია - საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება მოახერხა
პირდაპირ მინდა, განვაცხადო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი სრულად არის ჩართული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველდღიურად ისმენენ განახლებულ, ოპერატიულ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ქართულ დიასპორებში საზღვარგარეთ.
„ჩვენი საელჩოები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკონსულოები 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იმყოფებიან საზღვარგარეთ. აწვდიან მათ სხვადასხვა სერვისს, დაწყებული ბილეთის შეძენასა და ძველი ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით. ასევე, იქნება ეს სამედიცინო დახმარება, ვადაგასული დაზღვევის პოლისების ონლაინსისტემით გახანგრძლივება, საკვებით, თავშესაფრით, პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს უზრუნველყოფენ ისეთი საჭირო სერვისებით, როგორიც იურიდიული თუ სხვა მომსახურებაა“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.
დეპუტატის თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც მოახერხა და სამშობლოში დააბრუნა საკუთარი მოქალაქეები, ამიტომ, მისი აზრით დეზინფორმაციაა, რომ რეისები ჭიანურდება.
„საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც და უცხოეთში ყოფ თანამემამულეებსაც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე, რომელიც მუშაობს მწყობრად. ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ ჩამოსული ადამიანების კარანტინში განთავსება, მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა უნდა მოხერხდეს დაბალანსებულად, რათა არ მივიღოთ იგივე სიტუაცია, რაც მიიღეს წამყვანმა ქვეყნებმა დღეს მსოფლიოში. შესაბამისად, აქამდე განხორციელებული იყო იმდენად დიდი რაოდენობით რეისები, რომ საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე ადამიანი, მათ შორის, სახმელეთო და საზღვაო საზღვრების გამოყენებით. ამჟამად უნდა აღინიშნოს და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ამის შესახებ, ჩვენ გვაქვს 10 აპრილიდან 27 აპრილამდე დაგეგმილი რეისები: 10 აპრილს ლარნაკადან, 12 აპრილს – ბერლინიდან, 15 აპრილს – ამსტერდამიდან, 18 აპრილს – თელავივიდან, 24 აპრილს – რომიდან, 27 აპრილს – ბარსელონიდან“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვისაც სამშობლოში დაბრუნების განსაკუთრებული საჭიროება აქვს, მოახერხებს ამ რეისებით დაბრუნებას.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.