ბექა ოდიშარია - საოკუპაციო ხაზთან გატაცებულთა გასათავისუფლებლად ხელისუფლება ჩართულია ყველა უწყებითა და საშუალებებით
საოკუპაციო ხაზთან გატაცებულთა გასათავისუფლებლად ხელისუფლება ჩართულია ყველა უწყებითა და საშუალებებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გახშირდა საოკუპაციო ხაზთან გატაცებები ბოლო პერიოდში და რას უკავშირდება საოკუპაციო ძალის გააქტიურება, ოდიშარიამ აღნიშნა, რომ ეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკავშირდება.
„ამ გატაცებებს დავუკავშირებ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი, სამწუხაროდ, ახორციელებს მრავალი ათეული წელია და ახორციელებს ახლაც. რაც შეეხება ამ ადამიანების გათავისუფლებას, ბუნებრივია, ხელისუფლება ჩართულია ყველა იმ უწყებითა და საშუალებით, რაც ხელთ გაგვაჩნია და ამ მიმართულებით ბუნებრივია ჩვენი მთავარი იარაღი არის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
რუსმა სამხედროებმა დღეს გორის რაიონის სოფელ კირბალში 50 წლის აკაკი დათიაშვილი დააკავეს.
რაც შეეხება რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ მაია ოთინაშვილს, ის უკვე მეცხრე დღეა ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.