ბექა ოდიშარია - სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, მათგან ერთობა არ გამოვა
სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ხელი არ მოეცარათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, არანაირი ძალა არ აქვთ და მათგან არც ერთობა გამოვა.
„საქართველოს პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დევალვირდება. ვიზიარებ ჩვენი პარტიის ლიდერების გუშინდელ შეფასებებს, როგორც ბატონი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ისე სხვების პოზიციას. მორიგი ცდაა, ფსევდოშუაშისტური რაღაც ძალა შეიქმნას. არაერთხელ მითქვამს, რომ მათემატიკაში ორჯერ ორი არის ოთხი და ამათ შემთხვევაში, ორჯერ ორი ნულდება. რა თქმა უნდა, ეს პარადოქსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეა. სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოწვევით დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა მინისტრის თანამდებობაზე, პირველ ქალ პრეზიდენტად არჩეულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ და არა მათ მიერ, ვინც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან ორბელიანების სასახლეში უნდა გადაინაცვლონ. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ყველას ერთად ხელი არ მოეცარა. ახლა ფიქრობენ, რომ მათი ძალა ერთობაშია. არანაირი ძალა არ აქვთ და მათგან არც ერთობა გამოვა. რა თქმა უნდა, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციიდან ზოგიერთმა ადამიანმა ხუთ წუთში განაცხადა, რომ მისი პარტია მზად არის, შეუერთდეს ამ ინიციატივას. ოდიშარიას შეფასებით, ეს გარკვეულ ძალებს შორის შეთანხმებას ჰგავს.
„იყო წამოცდენები, ზოგიერთმა ადამიანმა მთელი პარტიის სახელით განაცხადა, რომ მზად არიან, ჩაერთონ პროცესში. როგორ შეიძლება, პარლამენტის ერთი წევრი მზად იყოს, ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე ხუთ წუთში თქვას, რომ მზად არის, შეუერთდეს და მთელი პარტიის სახელით ლაპარაკობდეს. ეს გარკვეულ ძალებს შორის შეთანხმებას ჰგავს. დანარჩენები ვითომ ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ხალხი არის კოალიციაში ერთმანეთთან, მჭიდრო თანამშრომლობაში არიან და უბრალოდ პოზიციონირებენ, ვითომ „ნაცმოძრაობას“ ემიჯნებიან, ვიდრე პარლამენტში ოთხ-ოთხი კაცით არ შევლენ. მაინტერესებს, თუ „ქართულ ოცნებასთან“ აცხადებენ აბსოლუტურ მიუღებლობას, კოალიციას ვისთან შექმნიან? ოთხ-ოთხი შექმნის კოალიციას? „ლელო“ და გახარიას პარტია შექმნის და მთავრობას დააკომპლექტებენ? არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და არსებობს „ქართული ოცნება“, მმართველი გუნდი, რომელიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს საზოგადოების მხარდაჭერით. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, სინამდვილეში ხდება შემდეგნაირად – დეკლარირებულად, ტელეეთერებში ემიჯნებიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთმა ლიდერმა მათ პირდაპირ წამოაძახა, როგორ გვემიჯნები, როცა ბევრ საკრებულოში ჩვენთან კოალიციაში ხართ, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ თქვენი პარტიის წევრები საკრებულოს თავმჯდომარეები ყოფილიყვნენო. დღესავით ნათელია, თეთრი ძაფით ნაქარგია ეს ამბავი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის““.