ბექა ოდიშარია - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტისგან შეკითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინეთ, საზოგადოებას აქვს საშუალება, ანალიზის საფუძველზე განსაჯოს, სად არის სიმართლე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, პრეზიდენტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიო იყო ყველასთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებისთვისაც თავად პრეზიდენტი და ეს პროცესიც მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებაა.
ამასთან, ბექა ოდიშარიას თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა.
„დღევანდელი დღე იყო კულმინაცია იმ პროცესის, რომელიც კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ეყრდნობოდა მხოლოდ სამართლებრივ პრიზმას, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის მიერ იყო მცდელობა, ეს რამენაირად ტრანსფორმირებულიყო პოლიტიკურ პერფორმანსად. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მკაფიო, ნათელი. ნათელი იყო სამეცნიერო და აკადემიური წრეებისთვის, პროფესიული წრეებისთვის, ობიექტური თვალის მადევნებელისთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთათვის თავად პრეზიდენტი და ეს პროცესიც არის მხოლოდ საშუალება, პოლიტიკური მავნე ქულები ჩაიწერონ. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და ზოგადად, არსებულმა რეგლამენტმა ყველა მხარეს ყველანაირი საშუალება მისცა, გამოეხატა თავის აზრი და ალტერნატიული აზრი ემტკიცებინა სამართლებრივი საფუძვლებით, სამწუხაროდ, იყო მცდელობა, ის კვლავ პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენილიყო.
კვლავ დამაზიანებელი გამოდგა ეს რაკურსი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალო, ძალიან მარტივი იურიდიული კაზუსის გარდაქმნა იმაში, თითქოს მთელი ეს პროცესი წარმართული იქნა ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ, არასამართლიანი და მავნებლურია. სამწუხაროა, რომ ჩვენ პრეზიდენტისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. განსაკუთრებით სამწუხარო, ძალიან ცუდი და გამაოგნებელი იყო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა არ გასცა პასუხი შეკითხვას, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, საზოგადოებას აქვს დრო, საშუალება და სივრცე, ანალიზის საფუძველზე განსაჯოს, სინამდვილეში სად არის სიმართლე და სად – სიცრუე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ჩავარდა, რადგან კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. სხდომაზე დეპუტატებმა კითხვებით სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვებს პასუხი არ გასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დაუდასტურა, რომ არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა და მას ვერ დაავალდებულებდნენ, კითხვებზე ეპასუხა.