ბექა ოდიშარია - გინახავთ, სააკაშვილის დროს ციხეში ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? ვისთვის გაცვდა, ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა?
გინახავთ თქვენ, მიშა სააკაშვილის დროს ციხეში ადამიანებს გვამებზე რომ აბამდნენ? იცით? ვისთვის გაცვდა? ჰოლოკოსტიც ხომ არ გაცვდა? იცით ჰოლოკოსტი რა არის? არ იცით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, რომელმაც ოდიშარიას მიუთითა, რომ ეს არგუმენტი უკვე ძალიან გაცვდა.
როგორც ოდიშარიამ განაცხადა, „არასდროს გაცვდება მიხელ სააკაშვილის სისტემის მიერ ნაწამები ადამიანებისთვის არგუმენტი, რომ იმ დროს ციხეში პატიმრების წამება ხდებოდა“.
„სულხან მოლაშვილისთვის და გირგვლიანის ოჯახისთვის გაცვდა? რა არგუმენტი, გეკითხებით. დავინახე, ქალბატონი დედა შებრძანდა ძალიან ბევრი პარკით, რადგან მან განაცხადა, რომ აღარ სურს, მიირთვას პენიტენციურ სისტემაში მომზადებული საკვები და შეატანინეს რამდენიმე პარკი. რატომ მეკამათებით იმაზე, რასაც ორივე თვალით ვხედავ. თუ რამე იყო სასაცილო ამ ყველაფერში, ამით მხოლოდ თქვენი დამოკიდებულება ჩანს.
თქვენ გგონიათ, რომ ხართ ექიმები, ექსპერტები, ბრალმდებლები. დაახლოებით ათი კვირა „ნაციონალური მოძრაობის“ გარე და შიდა სპიკერები, „ენჯეობი“ და ეს ტელევიზიები, რომლებიც ასევე პარტიაა, პირდაპირ ითხოვდნენ, აჩვენეთ მიხელ სააკაშვილი, გვაჩვენეთ საზოგადოებასო. მათ შორის, ნიშნის მოგებით ეუბნებოდნენ მინისტრს, რა, არ გაქვთ კადრები, გაასაჯაროვეთო. რომ გასაჯაროვდა, აღარ მოეწონათ, რადგან არ შეიძლება, მედპერსონალს თავში ესროლო ქილა. ის კი იყო შეჩვეული, თავისი პოლიტიკური პარტიის წევრებს ბოულინგს რომ ეთამაშებოდა სხვადასხვა ნივთით, მაგრამ ეს ადამიანები უვლიან მას და არ აქვთ არანაირი ვალდებულება, ამდენი ითმინონ“, – განაცხადა ოდიშარიამ.