ბექა ოდიშარია - სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა, ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ
სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ, ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა. ეს ხალხი ქართული სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს და დანაშაულებზე პასუხი აგოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, მოქალაქეები ოქტომბერში უნდა გამოვიდნენ და არჩევანი გააკეთონ.
„ბუნებრივია, ნიურნბერგის პროცესისგან განსხვავებით, არავის დახვრეტასა და ჩამოხრჩობას არ ვითხოვთ, თუმცა ამ ხალხმა ქართული სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგოს. პატრონები მათ ხელს აფარებენ. სააკაშვილი, ადეიშვილი და სხვანი გარკვეული ინდულგენციით სარგებლობდნენ. ერთადერთი სამართლიანი ინსტანცია ქართული სასამართლოა. ასეთი ტიპის მფარველობის ქვეშ სამყაროში მობოდიალე დამნაშავე პირების მიმართ ქართველი ხალხი სამართალს მხოლოდ ქართულ სასამართლოში ეძებს. ეს ხალხი ქართული სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე. მნიშვნელობა არ აქვს, ამას ნიურნბერგის პროცესს დავარქმევთ, თბილისისა თუ ქუთაისის. სიმართლე უნდა დაიდოს, შავით თეთრზე დაიწეროს და ერთხელ და სამუდამოდ ისტორიაში ყველამ საკუთარი ადგილი დაიჭიროს. რა ადგილი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ამას მალე ვნახავთ, იმ შემთხვევაში, თუ ქუდზე კაცი გამოვა და არჩევანს გააკეთებს. ერთ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ და მშვიდობა, დანარჩენი ყველა საარჩევნო ნომერი ომის პარტიის მოკავშირე ან კიდევ იმის გენერატორი იქნება, რათა საქართველო რამენაირად იყოს ჩათრეული იმ პროცესებში, რომელსაც, ჯერ კიდევ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და საკუთარი ქვეყანა აარიდა. უკრაინაში რუსეთის აგრესია რაც დაიწყო, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მათ რცხვენოდათ, ქართველი ჯარისკაცები რომ არ იღუპებოდნენ ისევე, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. რცხვენოდათ, რომ ქართველ ქალებსა და ბავშვებს არ უწევდათ ძაძების ჩაცმა. ამ სირცხვილს ერჩიათ, დაბომბილიყო ქართული ქალაქები და დაღუპულიყვნენ ქართველი ჯარისკაცები“, – განაცხადა ოდიშარიამ.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს, თავის პოლიტიკას გადაუხვიოს.
„„ქართული ოცნება“ არის მშვიდობისმყოფელი და სწორხაზოვნად ატარებს პოლიტიკას. ხელისუფლება არ აპირებს გადახვევას არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, მეორე მხარესაა ყველა პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ყველა ინტერესს ემსახურება, გარდა ქართულისა. ვიდრე „ქართულ ოცნებას“ გვაქვს საშუალება, ჩვენი პოლიტიკა იყოს გონივრული, მშვიდობისმყოფელი, ჩვენს ხალხს, ჯარს, მოსახლეობას უნდა ავარიდოთ ჭირისუფლობა და სიკვდილი, ისეთ გაუაზრებელ სამხედრო კამპანიებში, რომელიც საქართველოსთვის არაფრის მომტანია“, – აღნიშნა ოდიშარიამ.