ბექა ოდიშარია - რთული სანახაობაა, ხელმოცარული დიპლომატი სალომე სამადაშვილი ჩვენი წარმატებული საგარეო გუნდის თანდასწრებით ასე რომ უზრდელობს
ბექა ოდიშარია - რთული სანახაობაა, ხელმოცარული დიპლომატი სალომე სამადაშვილი ჩვენი წარმატებული საგარეო გუნდის თანდასწრებით ასე რომ უზრდელობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, რთული სანახაობაა, როცა ხელმოცარული დიპლომატი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ წარმატებული საგარეო გუნდის თანდასწრებით უზრდელობს.

„რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან რთული სანახაობაა, ხელმოცარული დიპლომატი ჩვენი წარმატებული საგარეო გუნდის თანდასწრებით ასე რომ უზრდელობს. ეს არის სატირალი, უტიფრობა და მეტი არაფერი. ისე უხერხულად ვიყავი ჩემს კოლეგებთან, ყველასთან ნაჩხუბარი იყო. იუხეშებდა, გააგდებდნენ, იუზრდელებდა, გააგდებდნენ, კომიტეტის წევრებთანაც უხერხულად ვიყავი. მარტო ჩვენი კომიტეტიდან არ იყო გაძევებული და ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, ალბათ ის მარკო მატერაცი იქნებოდა, ეს ამპლუა ექნებოდა შესანიშნავად მორგებული. მოკითხვა მას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მანამდე, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენდნენ, ბექა ოდიშარია და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სამადაშვილმა კითხვების დასმისას ევროინტეგრაციის პროცესში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა, ასევე, განაცხადა რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანას შიმშილის გამო ტოვებენ და ამაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„თქვენ იმ ხელისუფლებას წარმოადგენთ, რომლის პირობებშიც 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტა, ქვეყანა დაეტოვებინა. საქართველო, ფაქტობრივად, თქვენი ხელისუფლების დამსახურებით არის გადაქცეული ემიგრანტების ქვეყნად. ამ პირობებში გუშინ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელმა გაბედა და საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, შენი სამშობლო არ არისო საქართველოო, შენ ემიგრანტების შთამომავალი ხარ და არ არის შენი სამშობლო საქართველოო. ზურაბიშვილის წინაპრები ბოლშევიკებს გაექცნენ, თქვენი ხელისუფლების პირობებში – შიმშილს. შიმშილისგან გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ, ამ ხალხის სამშობლო არის საქართველო?“ – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.