ბექა ოდიშარია - როგორც წესი, „გორბი“ ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან, ვამბობდით კიდეც, რომ ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს, ვიმედოვნებ, ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ
მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისათვის, კიდეც ვამბობდით, რომ ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს, ვიმედოვნებ, ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „გორბის“ კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, „გორბის“ კვლევები, როგორც წესი, ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან.
„განსხვავებით ოპოზიციური ტელევიზიების მიერ დაკვეთილი ამ ტიპის კვლევებისგან, ისევე როგორც რადიკალების პარტიებისგან განსხვავებით, როგორც წესი, „გორბი“ ძალიან ახლოს არის ხოლმე რეალობასთან. მათ განაცხადეს, რომ პლიუს-მინუს ცდომილების სამ პროცენტზეა საუბარი. ვფიქრობ, „ქართული ოცნებისათვის“ ეს არის კარგი შედეგი. მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს ნდობისათვის. კიდეც ვამბობდით, რომ ასეთი ტიპის, ასეთი მასშტაბის ნდობა გვაქვს. მე ვიმედოვნებ, რომ ეს მოიმატებს წინასაარჩევნოდ, რადგან შევალთ დებატებში, ძალიან ბევრი რამ გამოირკვევა, ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ამ ადამიანების ეს მყიფე რეიტინგი, დარწმუნებული ვარ, დაიწევს და ძალიან ბევრ მათგანს გაუჭირდება ბარიერის გადალახვა, იმიტომ, რომ ჯერ ხალხს არ აქვს გაანალიზებული. ეჭვი მაქვს, რომ ეს კვლევა იყო მანამდე, ვიდრე ეს გაურკვეველი, უშინაარსო გაერთიანებები შედგა. ადამიანები იმსჯელებენ, დაასკვნიან, რომ არ შეიძლება, ხმა მისცე აჯაფსანდალს ან, როგორც ამას წინათ მოგახსენეთ, ჰელოუინს, ერთად შეკრებილ პუბლიკას, რომელიც მხოლოდ აფრთხობს ადამიანებს და ვერანაირ მომავლის იმედს ვერ უქმნის. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩეველთან გულწრფელი წარდგომის შედეგად, ჩვენი პროგრამის პრეზენტაციის, სიის პრეზენტაციის შემდგომ აიწევს, ხოლო ამ ადამიანების ყველა რესურსი ამოწურულია, ვფიქრობ, მილევად რეჟიმშია და, შესაბამისად, შედეგებიც არ დააყოვნებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
„გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 59.3 პროცენტი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 13.1 პროცენტი; კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ – 5.8 პროცენტი; კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5 პროცენტი; „საქართველოსთვის“ – 4.8 პროცენტი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია – 3 პროცენტი; „ევროპული საქართველო“ – 2.2 პროცენტი; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 2.1 პროცენტი; სხვა – 4.2 პროცენტი.