ბექა ოდიშარია - რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა
თავიდან ყველა სიახლეს და რეფორმას, როგორც წესი თან ახლავს გარკვეული ემოციები, სპეკულაციები ოპონენტების მხრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში ამ რეფორმის პოზიტიური შედეგებით მთელი საზოგადოება, მათ შორის დედაქალაქის მკვიდრნიც და სტუმრებიც სარგებლობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას განმარტებით, ტაქსების რეფორმის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებული ბრალდებები ცრუ ინფორმაციაა და რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა, მათ შორის A კატეგორიის ტაქსების, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა.
„მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით: პირველი, რაც სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მთლიანად ტრანსპორტის სფეროს მოწესრიგება საზოგადოების დაკვეთაა და თბილისის მუნიციპალიტეტი, მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ამ სფეროს თანმიმდევრული მიდგომებისა და პოლიტიკის შედეგად აწესრიგებს, მაქსიმალურად უახლოებს თანამედროვე ევროპული ქალაქების სტანდარტებს. ამ პოლიტიკის ნაწილია ტაქსებისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღება.
მოგეხსენებათ, პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედდა. რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა, მათ შორის A კატეგორიის ტაქსების, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. რაც შეეხება ოპონენტების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს. მონაცემები ყოველდღიურად ახლდება და ის მერიაში გროვდება. ამგვარი მონაცემები კი ჩემი ინფორმაციით ჯერ არც არავის მოუთხოვია და შესაბამისად არც გაცემულა. ამიტომ, გაუგებარია ოპოზიციის წარმომადგენლები რა მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებენ დასკვნებს და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა.
„მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მათგანი ველით, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში აიღებს A კატეგორიის ნებართვას, ნაწილი კი B კატეგორიაში დარჩება. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება – იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ, რამდენიმეწლიან ჭრილში შეეძლება საზოგადოებას გამოიტანოს სწორი დასკვნა, რამდენად წარმატებული იყო ეს რეფორმა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები, ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და დარწმუნებულები ვართ ამ რეფორმის სისწორეში“, – განაცხადა ოდიშარიამ.