ბექა ოდიშარია - ქართული სახელმწიფო და დიასპორა ასე ახლოს არასდროს ყოფილან
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დიპლომატებს დიასპორის დღეს ულოცავს. ოდიშარიას თქმით, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
„დღეს განსაკუთრებული დღეა არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერი მობრძანდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოხსენებით წარსდგა პარლამენტის წევრების წინაშე, არამედ იმიტომაც, რომ გუშინ 26 მაისი იყო, დამოუკიდებლობის დღე. დღეს არის დიასპორის დღე, რომელსაც როგორც წესი, ტრადიციულად აღვნიშნავდით ძალიან ღირსეულად და წარმომადგენლობითი შემადგენლობით, თუმცა ამის შესაძლებლობა ახლა არ გვეძლევა.
პრემიერმა დღეს, გუშინ, რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ეს ორი ფრონტი არის ეკონომიკური და ჯანმრთელობის, თუმცა არაერთხელ აღნიშნა ბატონმა გიორგიმ, რომ ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ გაძლიერებული ინსტიტუციებით. ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნამდვილად ეკუთვნის ეს კომპლიმენტი. რომ არ ვთქვა დღეს დიასპორის დღეზე მთელი დიპლომატიური კორპუსის მიმართ, გულწრფელი მადლიერება, ისევე როგორც არ გვერიდება ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვა, ჯარისკაცების მიმართ, პოლიციელების მიმართ. მინდა ვთქვა, იმ უხილავი ჯერ ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ადამიანების მიმართ დიდი მადლიერება. ყველა ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური მისიები, ადამიანები, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე მინდა მივულოცო, განსაკუთრებით დიდი მადლიერებით ჩვენს დიასპორელებს, რომლებმაც თავიანთი ინიციატივებით შექმნეს კრიზის ცენტრები. მე არ დავიწყებ შედარებას ვინ უფრო მეტი გააკეთა, ვინ უფრო ნაკლები გააკეთა, ცხადია, სახელმწიფო იდგა თავის სიმაღლეზე“,- განაცხადა ოდიშარიამ.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ დიასპორულ ორგანიზაციებს, რომლებიც, ოდიშარიას თქმით, თავიანთი სახსრებით გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს. როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, სახელმწიფო და დიასპორა ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავხადო ქართულ ეკლესიებს და ეპარქიებს. 7 ეპარქია გახლავთ, რომელიც მოღვაწეობს საზღვარგარეთ. მეუფეებს, მამებს, რომლებიც იყვნენ მორალური ავტორიტეტებიც, გვერდში მდგომნიც და მე ვფიქრობ, რომ ასე ახლოს ქართული სახელმწიფო და დიასპორა არასდროს ყოფილა.
ახლა არ გვაქვს საშუალება, რომ აღვნიშნოთ მათი ღვაწლი, როგორც დიპლომატების, ისე ღირსეული დიასპორელების, ისევე, როგორც ჩვენი ახალგაზრდა ელჩების, ისევე როგორც ჩვენი საპატიო კონსულების. ბატონო დავით, დიდი მადლობა მინდა, გითხრათ თქვენ პირადად, რომ ამ პერიოდშიც კი ხერხდება იმის ლობირება, რასაც ჰქვია დიასპორული ლობირება. დიდი მადლობა ამ ლობირებისთვის, ამ სწორი ლობირებისთვის. მინდა გადავცე დიასპორელებს, რომ მომავალ წელს ველოდებით და ალბათ ავინაზღაურებთ ყველანი ერთად იმ დანაკლისს, რასაც ერთად ყოფნა არ ჰქვია ახლა“,-განაცხადა ოდიშარიამ.