ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნების“ ხელწერა, მოქმედების სტილი არ ყოფილა და არასდროს იქნება რელიგიის, დედა ეკლესიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რელიგიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას მომხმარებლურად ეპყრობოდა და ეპყრობა, ისევე როგორც მომხმარებლურად ეპყრობიან ქართულ დიასპორას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელწერა და მოქმედების სტილი არ ყოფილა და არასდროს იქნება რელიგიის და დედა ეკლესიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება.
„ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, იძულებული ვარ, გულწრფელი შეფასება მივცე მეუფე ნიკოლოზის კომენტარს. დღისით, როგორც ჩანს, ის იყო საკუთარ აზრზე, მაშინ, როდესაც მედიის წინაშე გააკეთა განცხადება, რომ აქ არაფერი დამაკნინებელი არაა მხარეებისთვის – როგორც ეკლესიისთვის, ისე ხელისუფლებისთვის. პირიქით, მიესალმებოდა ასეთ შეთავაზებას და აპირებდა კიდეც ამ კონსულტაციებში ჩართვას. კეთილგანწყობილი იყო ასეთი შეთავაზების მიმართ. რა მოხდა მერე, რამ შეიტანა ცვლილება იმგვარი, რომ პრაქტიკულად ამოაყირავა თავდაპირველი გულწრფელი განცხადება და თქვა ის, რაც ყველასთვის გასაოცარია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ დედა ეკლესია იყო, არის და იქნება საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის მთავარი დამცველი და გამავრცელებელი.
„არ მგონია, ჩემი რომელიმე კოლეგა „ქართული ოცნებიდან“ წინასაარჩევნოდ ამ მოცემულობის გამოყენებისკენ იყოს მიდრეკილი. ჩვენთვის დედა ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლური რწმენის მთავარი დამცველი და გამავრცელებელი საქართველოში. შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულება ისეთი ტიპის, როგორიც გარკვეულწილად დამახინჯებული ფორმით წარმოადგინა მეუფემ, არ არსებობს და ვერასდროს იარსებებს. რელიგიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას მომხმარებლურად ეპყრობოდა და ეპყრობა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე როგორც მომხმარებლურად ეპყრობიან ქართულ დიასპორას. როდესაც სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ და ახდენენ თემის აქტუალიზაციას. ასე იყო ყოველთვის რელიგიასთან და დედა ეკლესიასთან დაკავშირებითაც, სჭირდებათ – აქებენ და ადიდებენ, არ სჭირდებათ – პრორუს და მოსკოვის მონებად მოიხსენიებენ და წვერით თრევას ლამობენ წმინდა სინოდის წევრებისა თუ სხვა მღვდელმსახურებისას. ეს არის ხელწერა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“. „ქართული ოცნების“ ხელწერა და მოქმედების სტილი არ ყოფილა და არასდროს იქნება რელიგიის და დედა ეკლესიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, მმართველ პარტიას საკითხის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც მრევლის წარმომადგენლებს ეკადრება.
„ვფიქრობ, არც არჩევნებია აქ შუაში და არც ახლანდელი პოლიტიკური კონტექსტი. ეკლესიაზე, მეუფეებზე, პატრიარქზე თავდასხმა არჩევნების გარეშეც ამ ვერაგი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ხორციელდება ძალიან ოსტატურად. არასდროს ჩერდება, არ წყდება. ამაში იღებენ უზარმაზარ დაფინანსებას, რათა მოახდინონ ეკლესიის ნეიტრალიზაცია და ქრისტიანული ფასეულობების დევალვაცია. აი, ამის წინააღმდეგ გვსურს შეიქმნას დამატებით დაცვითი მექანიზმები და, მათ შორის, აისახოს კონსტიტუციაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, შესაბამისად, ოქტომბრამდე „ქართულ ოცნებას“ ეს ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
„ხოლო მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ მომავალ პარლამენტში, დაიწყება ლეგიტიმური განხილვები, კონსულტაციები. ახლა უბრალოდ მოსამზადებელი სამუშაოებია, პოზიციების მოსინჯვა ხდება. სწორედ იმიტომ, რომ არაფრის დაჩქარებული წესით მიღებას არ ვაპირებთ, ამიტომ დაიწყო ასეთი მაღალი რანგის კონსულტაციები ახლა. ხოლო გადაწყვეტილება, გარწმუნებთ, მიღებული იქნება მაღალი ჩართულობით, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა სინოდის, მღვდელმთავრების თუ მღვდელმსახურების, ისე ჩვენი მრევლის, რომელიც ღირსია და იმსახურებს, გაიგოს, თუ, რას აპირებს, რა ინიციატივით შემოსვლას აპირებს მმართველი გუნდი. გაიგოს ეს მანამდე და ჰქონდეს დრო და საშუალება, რომ განსაჯოს და იმსჯელოს ამის შესახებ იქამდე, ვიდრე ის იქნება კონსტიტუციაში შეტანილი“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.