ბექა ოდიშარია - პარტნიორ ქვეყანას გარანტიას ვაძლევ, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი, თუ არ შეუშალეს ხელი იმ ადამიანებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ პარტიებს და არიან ექსტრემისტები
ბექა ოდიშარია - პარტნიორ ქვეყანას გარანტიას ვაძლევ, რომ არჩევნები იქნება მშვიდობიანი, თუ არ შეუშალეს ხელი იმ ადამიანებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ პარტიებს და არიან ექსტრემისტები

კანონი ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ გამჭვირვალე და წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსონ. არჩევნების შემთხვევაში კი პარტნიორ ქვეყანას გარანტიას ვაძლევ, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ და იქნება უპრეცედენტოდ მშვიდობიანად ორგანიზებული პროცესი, თუ ხელოვნურად არ შეუშალეს ხელი იმ ადამიანებმა, რომლებიც არ წარმოადგენენ პარტიებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, კანონი ევროპული ყაიდისაა, რადგან არ არის აგრესიული, არის დემოკრატიული და არავის საქმიანობას არ ზღუდავს.

„სულ მცირე, სამი მოთხოვნიდან ორი შესრულებულია. კანონი ევროპული ყაიდისაა, რადგან არ არის აგრესიული, არის დემოკრატიული და არავის საქმიანობას არ ზღუდავს. კანონი ითხოვს მხოლოდ იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამჭვირვალე იყვნენ და წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსონ. არჩევნების შემთხვევაში კი პარტნიორ ქვეყანას გარანტიას ვაძლევ, რომ არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და იქნება უპრეცედენტოდ მშვიდობიანად ორგანიზებული პროცესი, თუ ამას ხელოვნურად ხელს არ შეუშლიან ის ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ პარტიებს და არიან ექსტრემისტები. ისინი ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის. სამწუხაროა, რომ მათ ამაში დასავლელი დონორები ეხმარებიან იმ ტრენინგებით, რაც ვნახეთ“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ამასთან, რაც შეეხება ჩინურ ინვესტიციებს, ოდიშარიას თქმით, მთელი სამყარო ცდილობს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას.

„ჩინეთში ატალახებული აქვთ სი ძინპინის მისაღები, რათა გამარჯვებას და მეგობრობის აქტს ხელი გამოჰკრან. ჩვენ ჩინეთი თანაბარი ურთიერთობებით გვეპყრობა. ჩინეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში აქვს შეტანილი მშვიდობიანი განვითარების კონცეფცია. ჩინეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. რა არის პრობლემა? ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა თუ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება, იქ ჩავიდნენ მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები, საფრანგეთის პრეზიდენტისთვისაა ნებადართული. თუ კულებასთვის არის ნებადართული ჩინეთთან თბილი ურთიერთობების დამყარება, ამ პატარა საქართველომ რა დააშავა ან რა გეოპოლიტიკა უნდა შევცვალოთ ასე? ვინ აუკრძალა ამერიკელ ინვესტორებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ ტენდერში? ჩვენ, პირველ რიგში, მათ ველოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამერიკიდან არცერთმა ინვესტორმა არ ისურვა ტენდერში მონაწილეობა და ამის გამო ასეთ სტრატეგიულ ობიექტს ვერ გავაჩერებთ. საქართველოს მთავრობა ყველა სამუშაოს აწარმოებს, რათა შეფერხება არ იყოს. ინვესტორები რწმუნდებიან, რომ მთავრობა რესურსს ხარჯავს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.