ბექა ოდიშარია ორენოვანი წიგნის, „ჰეიდარ ალიევი და საქართველოს“ პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს მწერალთა კავშირისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ორგანიზებით, ორენოვანი წიგნის, „ჰეიდარ ალიევი და საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ჰეიდარ ალიევის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიამოვნოა აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რადგან იგი ხელმძღვანელობს კომიტეტს, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რეგიონული (კავკასიური) პოლიტიკის შემუშავებაა.
„კომიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს კავკასიელ ხალხთა შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცებას. ამ კონტექსტში, თანამედროვე კავკასიისთვის გამორჩეული პოლიტიკური ფიგურაა აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. იგი ნამდვილად დიდი მასშტაბის პოლიტიკოსი იყო და მნიშვნელოვანია, რომ წელს მისი 100 წლის იუბილე საერთაშორისო დონეზე აღინიშნა. ჰეიდარ ალიევის ნახევარსაუკუნოვან პოლიტიკურ მოღვაწეობას დიდი ასპარეზი ჰქონდა. მისი ძალისხმევით და პარტნიორობით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლური ურთიერთობა. ჰეიდარ ალიევისა და რეგიონის ლიდერების მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობით, განხორციელდა ისეთი საერთაშორისო პროექტები, როგორებიცაა: ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სხვა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ძველ თბილისში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.
„მე, როგორც მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარს, მაქვს პატივი მათთან სისტემატური ურთიერთობა მქონდეს. ხშირად ვმონაწილეობ ტრადიციულ დღესასწაულებსა და კულტურულ ღონისძიებებში. სწორედ ძველ თბილისში, დედაქალაქის გულში დგას ჰეიდარ ალიევის ბიუსტი – როგორც ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ურყევი მეგობრობის სიმბოლო. დიდი მადლობას ვუხდი წიგნის ავტორებს, ვინაიდან წიგნი სრულყოფილად ასახავს ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და დარწმუნებული ვარ, ფართო საზოგადოება მას ინტერესით გაეცნობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები: აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მესუდი, „ვეფხისტყაოსნის“ აზერბაიჯანულად მთარგმნელი იმირ მამედლი, მწერლები: მაყვალა გონაშვილი, რევაზ მიშველაძე, დავით შემოქმედელი, ბაღათერ არაბული, ერეკლე საღლიანი, დემიკო ლოლაძე და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.