ბექა ოდიშარია - ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასე თუ გააგრძელეს, შორს არ არის ის დრო, როდესაც დავით აღმაშენებელზე გადაერთვებიან
ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მეფეებს უშვერად და თავხედურად მოიხსენიებენ, ვურჩევდი, რომ ადამიანს კბილები მხოლოდ საჭმლის ღეჭვისთვის კი არ აქვს, ხანდახან ენასაც უნდა დააჭიროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე დავით ზურაბიშვილის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც დავით ზურაბიშვილი წერს: „კახეთი ხელისუფლების იყო ყველა დროში და ახლა – მით უმეტეს, რამდენადაც, გამოკითხვების მიხედვით, ესაა ყველაზე პრორუსული რეგიონი. რუსეთი აქ ოკუპაციაზე არანაკლებადაა ასოცირებული ღვინის გაყიდვასთან“.
„ოპოზიციას მეფე ერეკლეს ხსენებასთან დაკავშირებით შევახსენებდი, რომ კახეთში ძალიან პოპულარულია ერთი გამონათქვამი მეფე ერეკლესა და არამკითხე მოამბეებთან დაკავშირებით. სჯობს, თავი შეიკავონ ქრისტიანი გმირი მეფის გაქილიკებისგან. ძალიან გაუჭირდებათ ერეკლე მეფის რამენაირი დაკნინება. ყოველდღიურად საკუთარ თავს აკნინებენ და ძალიან ბეჩავ დღეში აგდებენ. როგორ შეიძლება, კახეთს და კახელებს პრორუსები უწოდო. საუკუნეების წინ საქართველოს ხელისუფლება და მისი მეფეები, მათი 99% საკუთარ ქვეყანას და ხალხის ინტერესებს თავგანწირვით იცავდა, განსხვავებით ამ ოპოზიციისგან, რომელმაც გადააჭარბა შადიმანების და სხვა მოღალატის ეპითეტებად ჩამოყალიბებული გვარების თუ ძალების ქმედებებს საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასე თუ გააგრძელეს, შორს არ არის ის დრო, როდესაც დავით აღმაშენებელზე გადაერთვებიან.
„რა დღეში აქვთ ნერვები, რამდენ სისულელეს ამბობენ. ეს არის სწორედ განცხადებების კიდევ ერთი ტალღა, რომლის გამოც, მაგალითად, ნიკა გვარამია ვერ ბედავს და ვერ ჩადის კახეთში. როგორც ის ემუქრებოდა ფეკალიების ჩაღვრით კახელ გლეხს და ღვინის მწარმოებლებს ამ ჩვენს ტრადიციულ და ღვთიურ სითხეში, სწორედ ასევე ეშინია მას შესაძლო აგრესიის, რომელიც ამ განცხადებების გამო თავს დაატყდებოდა. ასევე დაემართება დავით ზურაბიშვილი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომელიც ასეთ სულელურ განცხადებებს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, ლაშა ბაქრაძის ამ განცხადების მამამისს, დიდ მოღვაწეს, ნამდვილად შერცხვებოდა. განსხვავებით თავხედი და ვიგინდარა ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, თავს უფლებას არ მივცემდი, რომ სრულად შევაფასო მეფე ერეკლეს ღვაწლი საქართველოს წინაშე. ის ისედაც იკავებს თავის დიდებულ ადგილს ქართულ ისტორიაში, თუმცა იმისთვის, რომ გააკეთო მისი მოღვაწეობის სრული შეფასება, მისი თავგანწირვის, მისი ქრისტიანული, წმინდა ცხოვრების, ამისთვის საჭიროა, ჩემზე გაცილებით უფრო კვალიფიციური არა ერთი და ორი ან სამი მეცნიერი დასხდეს, თუ კიდევ ეს ვინმეს სჭირდება – და როგორც ჩანს სჭირდება – ამ ვიგინდარა მოღალატე ოპოზიციას კიდევ ერთხელ ნათლად განუმარტოს. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ენას კბილი დააჭირონ ერეკლე მეფესთან მიმართებაში. მათ თუ ასე გააგრძელეს, შორს არ არის ალბათ ის დრო, როდესაც გადაერთვებიან დავით აღმაშენებელზე. ამ ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც იკადრა, რომ თამარ მეფე გამოსახა კონტრაცეპტივზე. ამ ადამიანებმა მეტი რაღა უნდა იკადრონ? მათ რომ გაუდით კეფებში წკაპაწკუპი, მერე „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ. ადამიანს მხოლოდ იმისთვის არ აქვს კბილები, რომ საჭმელი ღეჭოს, ხანდახან ენასაც უნდა დააჭიროს, ასე ვურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მეფეებს უშვერად და თავხედურად მოიხსენიებენ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.