ბექა ოდიშარია - ოპოზიციაში რაც ხდება, უხილავი ხელით მართული პროცესია, ცდილობენ, ფაზლი ააწყონ და შექმნან ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩონ
ბექა ოდიშარია - ოპოზიციაში რაც ხდება, უხილავი ხელით მართული პროცესია, ცდილობენ, ფაზლი ააწყონ და შექმნან ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩონ

ოპოზიციაში რაც ხდება, უხილავი ხელით მართული პროცესია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, ვის წარმოადგენს უხილავი ხელი. ცდილობენ, ფაზლი ააწყონ და შექმნან ისეთი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ ქართულ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში გადაადგილებები შედეგს არ მოიტანს.

„Წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იმის მიხედვით დაიშლება, რამდენად მომგებიანი იქნება მათთვის ცალ-ცალკე გასვლა, რომ საზოგადოების ესა თუ ის ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ. ზოგი „ახლებს“ დაირქმევს, ზოგი – „ძველებს“, ზოგი – „კონსერვატორებს“, ზოგი – „პროგრესულ ძალებს“, „ფედერალისტებს“, „ევროპულ საქართველოს“ თუ ა.შ. შედეგს არავითარი გადაადგილება არ მოიტანს და ჯამი კვლავ ერთი იქნება. შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი შეიცვლება, ჯამი იგივე იქნება. აპირებენ, პარლამენტში შემოვიდნენ და საქართველოს და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანდებიან. შეეცდებიან, გაატარონ თავიანთი მავნე არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ დივერსიული დღის წესრიგი. ამისთვის შეიქმნა „ლელო“, რომელიც ვითომდა უმანკო ორგანიზაციაა, შეეცდებოდა აუთვისებელი ხმების საკუთარი პარტიისთვის მიზიდვას. თუმცა ის იყო ჩვეულებრივი ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტთან მიმართებაში მავნებლობდა. ყველანაირი საფუძველი გამოეცალათ, რათა პოლიტიკურ პარტიად იპოზიციონირონ.

ასევეა გახარია. გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადაელახა და ქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის ის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ხმები წაერთმია, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვებას განაპირობებდა. ეს ასეც იქნებოდა, რომ არა გახარიას ყალბი ნარატივი, თითქოს ის სათადარიგო „ქართული ოცნება“ იყო, ბიძინა ივანიშვილის რჩეული, რომელიც ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილის ხელდასმით გამოვიდოდა ასპარეზზე. ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ და სამუდამოდ ძალიან მსუყე წერტილი დაუსვა ამას, როდესაც საკუთარი ქვეყნისა და გუნდის მოღალატე უწოდა“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.