ბექა ოდიშარია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთის მიმართ ეჭვებით არიან შეპყრობილი
ბექა ოდიშარია - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთის მიმართ ეჭვებით არიან შეპყრობილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთის მიმართ ეჭვებით არიან შეპყრობილი და ერთმანეთს არ ენდობიან. ოდიშარიას თქმით, თუნდაც ამის გამოხატულებაა ის, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას ფეისბუქპოსტს, სადაც მელია წერს: „უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი ინფორმაციას ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების და ენმ-ს მენეჯმენტის შეხვედრაზე, უნდა დასრულდეს პოლიტიკის კულუარებში კეთება“, – ბექა ოდიშარიას განცხადებით, ნიკა მელიას ჭორაობას ვერ აყვება.

„ჭორაობა თუ სურს, შეუძლია, უფრო ფართოდ ისაუბროს, თუ ვინმეს დაბეზღება სურს, არც ეგ გაუჭირდება და შეუძლია, დააბეზღოს, თუ ვინმე მათი წიაღიდან არის და ვინმეზე ეჭვი აქვს. ბოლო დროს, თუ აკვირდებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთის მიმართ ეჭვებით არიან შეპყრობილი და იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, რომ ახლაც კი, იმპიჩმენტის განხილვისას და შემდეგ კენჭისყრისას ერთმანეთი ოთახებში გამოკეტეს და მგონი, ლუქები დაადეს, ერთმანეთი გადაამოწმეს, რომ ვინმე არ გამოპარვოდათ. არ ვიცი, ნიკა მელია ვის გულისხმობს. თუ ჭორაობს, ისე იჭორაოს, რომ ცოტა მეტი აქცენტი იყოს. თუ ვინმეს დაბეზღება უნდა, თავისუფლად შეუძლია და დარწმუნებული ვარ, არ გაუჭირდება“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.