ბექა ოდიშარია - მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ ვინმემ თუ ამას ხელი შეუწყო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“
ბექა ოდიშარია - მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ ვინმემ თუ ამას ხელი შეუწყო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“

მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწყობდათ, რომ 8 აგვისტო დაესახელებინათ ომის დაწყების თარიღად, შემდეგ გადალაგდა საერთაშორისო კონტექსტი და ახლა ცდილობენ თავის დაძვრენას და საკუთარი დანაშაულის ჩამორეცხვას.

„ახლოვდება ის თარიღი, აგვისტოს ის მძიმე დღეები, როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მიმართ კვლავ განახორციელა აგრესია. ეს არის თარიღი, რომელიც ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, არასდროს დაავიწყდება ჩვენს თანამედროვე და მომავალ თაობებს, რადგან ამ დღეებში გმირულად დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ეცადნენ, დაეცვათ თითოეული გოჯი ქართული მიწისა. მიუხედავად ამისა, მტერმა ჩვენზე იმძლავრა და სეპარატისტებთან ერთად მოიპოვა დროებითი წარმატება. მათ არცერთი ბრძოლა არ მოუგიათ. გაფართოვდა ანექსია, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად დაედო და ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა იმდროინდელი ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა, რომელმაც მოახერხა და საოკუპაციო ზოლი გაავლო საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

მთელი საზოგადოება შეთანხმებული ვართ, რომ რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე განახორციელა აგრესია, მაგრამ თუ ვინმემ ამას ხელი შეუწყო და თუ შეიძლება იმ მოვლენებში, რომელიც განვითარდა და რომლითაც ვერაგულმა ოკუპანტმა ისარგებლა, ვინმეს დამნაშავე ვუწოდოთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა და მისი ხელისუფლება. ყველა შესაძლო დასაშვები შეცდომა მან რეალურ ცხოვრებაში დაუშვა. მან ყველა საბაბი მისცა ოკუპანტს, რომ მას გახსნილი ჰქონოდა ხელი იმისთვის, რომ ჩაედინა დანაშაული, დაეპყრო ტერიტორიები ძალისმიერად, მაგრამ მას მიეცა საბაბი, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე განეცხადებინა, თითქოს იქ მოსახლეობის მიმართ იყო განხორციელებული აგრესია იმდროინდელი ხელისუფლების მიერ. მაშინ აწყობდათ, რომ 8 აგვისტო ეთქვათ, შემდეგ გადალაგდა საერთაშორისო კონტექსტი და ახლა რამენაირად ცდილობენ, თავის დაძვრენას. რაშიც ისინი არიან დამნაშავე, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ. ჩვენ ვიცით, რომ ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთმა აგრესია განახორციელა, მაგრამ იმხელა თავი რომ გაბია, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ, უნდა იფიქრო იმაზეც, როგორ აარიდო ქვეყანას ისეთი დამღუპველი ვითარება, როგორიც აგვისტოს იმ ტრაგიკულ დღეებში ჩვენი ისტორიული სამაჩაბლოს, იქ მცხოვრები ხალხის და ჩვენი ჯარის თავს დატრიალდა. აბსოლუტურად, არითმეტიკული დისპროპორციაა იმ შესაძლებლობებს შორის, რომელიც აგრესორს და რუსეთის ჯარს გააჩნდა და რომელიც ქართულ ჯარს ჰქონდა. ქართული ჯარის უპირატესობა მის წვრთნაში, თანამედროვე სტანდარტებში, თავგანწირვასა და გმირობაში გახლდათ, ხოლო მტრის მხარეს იყო: აურაცხელი ძალა, მძიმე ტექნიკა, ავიაცია და არტილერია, რასაც ჩვენ მოკლებული ვიყავით“, – განაცხადა ოდიშარიამ.