ბექა ოდიშარია - მოსახლეობა ხედავს, რა კატეგორიის, რა პრინციპების ადამიანები დგებიან ერთ მხარეს, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდობისმყოფელ პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას შეეწინააღმდეგონ
ბექა ოდიშარია - მოსახლეობა ხედავს, რა კატეგორიის, რა პრინციპების ადამიანები დგებიან ერთ მხარეს, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდობისმყოფელ პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას შეეწინააღმდეგონ

რა შეიძლება, უწოდო გაერთიანებას, რომლის ორი წევრი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა პირველს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ლელოს“ კოალიციაში ალეკო ელისაშვილის გაერთიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ხავსს მოჭიდებული წყალწაღებულების მორიგი ცდა, რამენაირად გადარჩნენ და ბარიერი გადალახონ.

„მათ არ აქვთ არანაირი პრინციპი, მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური გემოვნება. ამისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, აქვთ ურბანული გემოვნება და გამბედაობაც, რომ კალაძის მიერ რეკონსტრუირებულ გუდიაშვილის მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ ნახა ჩვენმა მოსახლეობამ, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რას აკეთებდნენ ისინი აქამდე, რის გაკეთებას აპირებენ ამის შემდეგ. მე ამ გაერთიანებას დავარქმევდი, რა თქმა უნდა, ირონიით, სხვაგვარად არც შეიძლება, მიუდგე ამ ხალხის ძალით შერწყმას და ქორწინებას, „პრინციპები უპირველეს ყოვლისა“. აბა, სხვა რა შეიძლება უწოდო გაერთიანებას, რომლის ორი წევრი უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა პირველს და მევახშეს ეძახდა ელისაშვილი, ხოლო ანა დოლიძე ებრძოდა და მისი იდეოლოგია გახლდათ სწორედ ბანკების წინააღმდეგ მიმართული. ხოლო ხაზარაძე ელისაშვილისნაირი ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევას არ აპირებდა, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, დიდად არ ეპიტნავებოდა, რბილად რომ ვთქვათ, ანა დოლიძე და მისი იდეოლოგია. უთხრეს, გაერთიანდნენ, ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ კი ამაში მხოლოდ პოლიტიკურ ბენეფიტებს ვხედავთ, რადგან მოსახლეობა ხედავს, რა კატეგორიის, რა ტიპის ადამიანები, რა პრინციპების ხალხი დგებიან ერთ მხარეს იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდობისმყოფელ პოლიტიკას, ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის მშვიდობიან ვითარებას შეეწინააღმდეგონ“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკურ გაერთიანებას ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.