ბექა ოდიშარია - მკვეხარა ბიჭუნა გამოვიდა და ისაუბრა, რომ ხელებს და მაჯებს დაგვამტვრევს, მაგის დამტვრეული ჯერ არაფერი გვინახავს
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ ძალადობას ვგმობთ და ვემიჯნებით მე და ჩვენი გუნდის წევრები. ის ნარატივი, თითქოს ხელისუფლება ხელს უწყობს ძალადობას და ვიღაცებს საამისოდ აგულიანებს, ეს არის მტკნარი სიცრუე და სისულელე, მორიგი მავნებლური დეზინფორმაცია, რადგან საზოგადოების წინაშე სიმშვიდესა და იმ მდგომარეობაზე, რომელიც გვაქვს, პასუხისმგებელია ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ბექა ოდიშარიამ „მოამბის“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, „დასავლელი პარტნიორები მუდმივად მოგვიწოდებენ, გადაიდგას ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ. ბოლო დღეებში განსაკუთრებულად მწვავე პოლიტიკური განცხადებები კეთდება, გვესმის ხისტი პოლიტიკური რიტორიკა, თქვენი განცხადებაც იყო მათ შორის კულტურის კომიტეტის სხდომაზე. რამდენად მისაღებია პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი განცხადებები და როგორ მოქმედებს ის პოლარიზაციის ხარისხზე?“
ამასთან, ბექა ოდიშარიამ ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
„დღეს მკვეხარა ბიჭუნა რომ გამოვიდა და ისაუბრა, ხელებს და მაჯებს დაგვამტვრევს, მაგის დამტვრეული ჯერ არაფერი გვინახავს, მაგრამ თვითონ კი გვინახავს ნაცემი და შემდეგ შეუფერებელი შეხედულების. თუმცა, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მე არცერთ ჩემს კოლეგას, არც ოპოზიციონერს, არც სხვა სამოქალაქო საზოგადოების წევრს არასოდეს ვაყენებ შეურაცხყოფას. ვერავინ იტყვის, რომ მე პირველად მისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, თუ ის არ გადმოდის აბსოლუტურ გაუგონარ უზრდელობაზე.
ჩვენც გვყავს ოჯახები, მშობლები, მეგობრები და ასე ტელევიზიით დედის გინება, პირდაპირ სახელებითა და გვარებით, უკიდურესი შეურაცხყოფაა, მითითება ფიზიკურ შეხედულებაზე, ყველანაირი დამცირება, თუ რამე არსებობს. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამცირება არის პრორუსის ძახილი. რითი ვარ მე პრორუსი და ეს ვაჟბატონ-ქალბატონები, შარიკოვების ფორმები რომ ჩააცვა, საუბრისა და ვიზუალითაც არაფრით განსხვავდებიან შარიკოვებისგან. დააკვირდით, როგორია მათი პათოსი. ალბათ შემოგვიცვივდებიან, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ და ყველაფერს შუაში გადახერხავენ, რადგან შეეტყოთ, რომ შეუძლიათ, ადამიანს აგინონ მკვდარი და ცოცხალი, შემდეგ კი პატარა გამოწვდილი ხელისთვის და ორი გროშის გულისთვის მაქებარი და დამცველნი გახდნენ, ფულიც აიღონ სტაბილურად ყოველთვიურად. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. ახლა რომ გიკიჟინებენ, რომ შენ პრორუსი ხარ, რადგან ვიღაცამ იქ ფული ჩაიჯიბოს და თავისი მავნებლური პოლიტიკური დღის წესრიგი გაამართლოს, ამას ვერ ვაპატიებთ. ასეა ეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.