ბექა ოდიშარია - მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაღებული მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის ქველმოქმედების სახით და მას და მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ
ბექა ოდიშარია - მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაღებული მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისთვის ქველმოქმედების სახით და მას და მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ

თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, ის არ ხმარდებოდა მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა და ხმარდებოდა ქართველ ხალხს! განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისაგან, რომელთაც ეპატრონებიან და გველეშაპებივით არიან გადამჯდარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული მტაცებელი „ენჯეოები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების საპასუხოდ წერს, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს.

ოდიშარიას განცხადებით, 34 წლის მანძილზე 6,5-მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ის მხრიდან წამოძახებას რაც შეეხება, „ამავე პერიოდში, მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს, აქვს გაღებული მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და ამის შესახებ არასოდეს უსაუბრიათ არც მას და არც მის ოჯახს“.

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბატონ ბლინკენის ასეთი შინაარსის განცხადება, მით უმეტეს, ამ ფორმით. ვფიქრობ, ის არ ჯდება მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებში. ასევე მიმაჩნია, საუბარი იმის თაობაზე, რომ მთავრობას უუქმდება რაიმე ტიპის დაფინანსება, რეალობას აცდენილია, რადგან, თუ რამე ფინანსური ნაკადი მოდიოდა აშშ-დან მთავრობისკენ, ის არ ხმარდებოდა მთავრობას და „ქართულ ოცნებას“, არამედ თითოეული ცენტი, რომლითაც ამერიკელი გადამხდელები ეხმარებოდნენ საქართველოს, მიემართებოდა და ხმარდებოდა ქართველ ხალხს! განსხვავებით იმ ფულადი ნაკადებისაგან, რომელთაც ეპატრონებიან და გველეშაპებივით არიან გადამჯდარი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული მტაცებელი „ენჯეოები!!!“ ამიტომ გაუგებარია რისთვის ისჯებიან საქართველოს მოქალაქენი?! ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ „ენჯეოებად“ ცნობილი პარტიული დანამატები მოქმედებენ ავაზაკურად და დონორების მიერ გამოყოფილ თანხებს, საკუთარი ჯიბეების გარდა, მიმართავენ ათასგვარი მანკიერი და მავნებელი აქტივობებისაკენ! მათ შორის, ანტიეროვნული, ანტიეკლესიური, ქართულ ტრადიციებთან და ფასეულობებთან შეუთავსებელი პროპაგანდის ფარული ხელშეწყობისა და ძალადობრივი რევოლუციური სცენარების შემუშავებისათვის! ვფიქრობ, დროა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იმსჯელონ ქართველი ხალხის ზნისა და ხასიათის თაობაზე, ქართველი ხალხის ქცევის საფუძველზე და არა კოლექტიური ლომჯარია-გიგაურის ზნისა და ფერის ირგვლივ ჩამოყალიბებული აღქმებით. ქართველი კაცი მადლიერია, მადლიერება მისი ბუნების და დეენემის ნაწილია, მაგრამ არაფერი მოსწონს და არც სურს დაყვედრებული!!! ანალოგიური შინაარსის გამონათქვამი ფართოდაა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში.

რაც შეეხება იმ შეხსენებას თუ წამოძახებას 34 წლის მანძილზე 6,5-მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით, მინდა, აქვე საზოგადოებას შევახსენო, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს, აქვს გაღებული იმავე პერიოდში მილიარდობით ლარი საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის ქველმოქმედების სახით და ამის შესახებ დღემდე არც მას და არც მის ოჯახს ამის თაობაზე არასოდეს უსაუბრიათ! ხალხისათვის დაყვედრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!!! მიუხედავად ყველაფრისა, იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში მალე დასრულდება ომი, შეიცვლება პოლიტიკური კონტექსტი და ამჟამინდელი არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება კვლავ იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის, რადგან არ არსებობენ მუდმივი მტრები თუ მეგობრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ღრმად მწამს, რომ საქართველო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მუდმივი ინტერესების განუყოფელი ნაწილია არა მხოლოდ რეგიონში უნიკალური გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ ხალხის და ხელისუფლების უღალატო დამოკიდებულების გამო, რაც გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორების ერთგულებასა და უპირობო მხარდაჭერაში. ეს კი არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ, სუვერენულ ქვეყანას, მის ხალხს და სახელმწიფოს”, – წერს ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.