ბექა ოდიშარია - ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას
სრული პასუხისმგებლობით მსურს, განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას, – ეს განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ბექა ოდიშარიამ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 8-11 ივნისს ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე, სადაც ის ლატვიის რესპუბლიკის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა და ისაუბრა ლატვიაში გამართული შეხვედრების შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლატვიის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ ჯგუფს შეემატა სეიმის ახლად არჩეული თავმჯდომარე ედვარდს სმილტენი, რაც, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს. ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის სურვილი და ინტერესი ძალიან მაღალია. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და რაც ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მან ისაუბრა ლატვიაში გამართული შეხვედრების შესახებ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დიდზის შმიდტთან, სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან აგიტა ზარინა-სტურესთან, მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ინგმარ ლიდაკასთან.
„აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რა მნიშვნელოვანია მეგობრობის ჯგუფების საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობა და ამ მიმართულებით კოლეგებთან აქტიური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები იყო კონკრეტული დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებთან, მთავარი ლეიტმოტივი იყო საქართველოს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ასპარეზზე. მსურს, ამ ტრიბუნიდან, მთელი პარლამენტის და ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ლატვიელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი ხედვებისა და ძლიერი მხარდაჭერისათვის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.
„აღსანიშნავია სეიმის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება თანამშრომლობის თაობაზე როგორც ქართველ კოლეგებთან, ასევე შესაბამისი სფეროს მინისტრებთან. აქვე, მსურს, გამოვეხმაურო ერთ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში – აქ იყო გაუგებარი წკავწკავი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ, სამაგიეროდ, საზოგადოებას მსურს, ვუთხრა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის პოლიტიკის ფარგლებში ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.