ბექა ოდიშარია - კონგრესში მოსმენამ აჩვენა, როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, აშშ-ის კონგრესში გუშინდელმა მოსმენამ აჩვენა, როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“.
ოდიშარიას თქმით, სულგაყიდული ადამიანები კვლავ ითხოვენ საქართველოსა და საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას.
„მინდა, მივმართო და ვაცნობო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ჩვენს მეგობრებს და ღრმად პატივცემულ კონგრესმენებს, რომ მთელი საქართველო ფრუსტრირებულია, რადგან გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას ვერ იქნა შესმენილი ვერცერთი მეგობრული რჩევა. სამაგიეროდ, მინდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო, რადგან აჩვენა, როგორ ყიდიან სულს „ენჯეოები“, რის შესახებაც ჩვენ ყოველდღიურად ვამცნობთ საზოგადოებას. იყო პირდაპირი ტრანსლაცია და მთელი ღამის განმავლობაში თვალს ვადევნებდი ამ მოსმენას, განხილვას და შემდეგ დილამდე ყურში ჩამესმოდა: „ჰა, შენ, კიკუ, თუმანი და გაიხადე“, და გაიხადეს ამ სულგაყიდულმა ადამიანებმა, რომლებიც კვლავ ითხოვენ საქართველოს და საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას. კიკუმ გაცილებით უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია იმ ვაჟბატონებს, ვიდრე ამ ვაჟბატონებმა და ქალბატონებმა სამშობლოს ღალატს. სად არის აქ სამართლიანობა და სამართლის პრინციპები? საერთოდ, სად არის მორალი, ადამიანი დაასანქცირო იმისთვის, რომ საკუთარ მოვალეობას ასრულებს და პარლამენტის წევრი იღებს კანონს? სად გაგონილა ავანსად დასანქცირება, თუ არ გეშინიათ ამ კანონის, გავარდნილი თოფივით, ჯერ აცადეთ კანონს ძალაში შესვლა, იქნებ ქვეყანას აშენებს. თუ აქცევს საქართველოს, დემოკრატიას და მართლაც უკუსვლას იწვევს, მაშინ გნებავთ, დაგვასანქცირეთ, გნებავთ, დაგვხვრიტეთ. თუ არადა, მაშინ საბანაძეს ვეუბნები, ჩვენ რომ გვექლესებოდა, მანამდე სააკაშვილს ექლესებოდა, ახლა გახარიას ექლესება, იქ ვისაც ექლესებოდა, კი ხედავდით. ასეთი ნაძირალების ხელში მიხეილ სააკაშვილი შემეცოდა. ჰიპოტეზურად მოვითხოვდი, რომ ერთი დღით მაინც გამოუშვან და ნატალია საბანაძეს ჩაახედონ თვალებში. ეს ნაძირალა, მეორე ფინია, სოროსის ხელისგულიდან ნასაზრდოები გოჭუნია, რომელიც ცდილობდა თავის გამოჩენას, სამშობლოს და თანამემამულეების დაბეზღებას იმისთვის, რომ არ შეუწყდეს ეს ბეჩავი, მწარე საზრდო, რომელიც მხოლოდ მას და მის ოჯახს ადგას. ჩვენ კი, ამდენი თვეებია, ვირჯებით და ვიტანთ ამდენ შეურაცხყოფას და მხოლოდ ერთს ვითხოვთ, გვაცალეთ, ვნახოთ კანონი მოქმედებაში. თუ იქნება უკუსვლა, თუ დააზიანებს ეს საქართველოში დემოკრატიულ პროცესს, გაძლევთ პირობას, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, ქართველმა ხალხმა პასუხი გვაგებინოს. სხვა შემთხვევაში, ვინც ცილს გვწამებს, მათ უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი და უნდა აგონ პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ამდენი ხანია, უშლიან ნერვებს, თვითონ კიდევ არიან დასივებულები, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ცხოვრობდნენ ფუფუნებაში, ერთი – ელჩობისას, მეორე – „სოროსის ფონდის“ აგენტობისას. აქედან მინდა, მივმართო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ძვირფას კონგრესმენებს, თქვენი პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვათ, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების რიგითი მოქალაქე, თქვენ კი ცდილობთ, ჩვენთან დაიცვათ დემოკრატია. მაშინ მე საპასუხოდ მივმართავ ამერიკის გადასახადის გადამხდელებს, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ თქვენი შრომით და ოფლით მოპოვებული ფული, რომელიც სხვადასხვა დონორებისგან „გამჭვირვალედ“ მიედინება საქართველოში მოღვაწე „ენჯეოებში“, სადაც იხრება ისე, როგორც ბეღელში ხრავენ ხორბალს ვირთხები. „ქართული ოცნება“ და დღევანდელი ხელისუფლება დგას თქვენი გადასახადით შექმნილი დოვლათის დაცვაზე, ხოლო რატომღაც ადამიანები ახერხებენ და ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
რაც შეეხება იმას, რომ აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენას დაესწრო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომლის წერილიც განხილვის ოქმს დაერთო, ოდიშარიამ აღნიშნა: „ნათელაშვილთან დაკავშირებით, მის „ემედგენტთან“ თუ „ეთეჩმენტთან“ დაკავშირებით გეტყვით, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ისე, მაინტერესებს, ბლანკის თავზე გამოსახული რა არის, ალბათ ფანჩატური“.