ბექა ოდიშარია - გრანტი მიზნობრიობის გარეშე წარმოუდგენელია, ნიკა გვარამიამ თავად დაადასტურა, რომ დიდი თანხა ლგბტ პროპაგანდის, ხელისუფლების გადატრიალებისა და დებოშისთვის მიიღო
ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, წარმოუდგენელია, თურმე მრავალი მილიონი გადმოირიცხა, რათა ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ოქსიმორონია იმის თქმა, რომ გრანტი მიზნობრიობის გარეშეა გამოყოფილი.
„მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს, რომ საკუთარი სუვერენული ინტერესები უცხო ქვეყნის გავლენისაგან დაიცვას. რატომღაც ჩვენი სახელმწიფო დაბალი ღობე აღმოჩნდა და ჩვენს მიერ ინიცირებული ამერიკული ფარა-ს ქართული პლაგიატი რუსულად მონათლეს. მათ ამაში დაეხმარნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რაც ძალიან საწყენია. ეს მეხუთე კოლონამ გამოიყენა თავისი დღის წესრიგის გასამყარებლად და, რაც მთავარია, მათთან აფილირებული „ენჯეოების“ უზარმაზარი სახსრების დასაფარად, რასაც ახერხებენ კიდეც. ნიკა გვარამიამ თავად დაადასტურა, რომ ლგბტ პროპაგანდის დასაფინანსებლად არის გამოყოფილი ძალიან დიდი თანხა, ხელისუფლების გადასატრიალებლად, დებოშის და ყოველგვარი ქაოსის მოსაწყობად. საოცარი ოქსიმორონია იმის თქმა, რომ გრანტი მიზნობრიობის გარეშეა გამოყოფილი. ეს დაახლოებით იგივეა, ვთქვათ, რომ ჩვენ მივირთმევთ ყავას მიზნობრიობის გარეშე. წარმოდგენაც კი მიჭირს, რამდენად არიან გათავხედებულები, რომ პირდაპირ შავზე თეთრს ამბობენ, რომ გრანტი შეიძლება იყოს მიზნობრიობის გარეშე. ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს ტკბილეულის ან ნაყინის საყიდლად აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა, როგორ წარმოგიდგენიათ, მრავალი მილიონი გადმოირიცხა თურმე, რათა ნიკა გვარამიამ იგრძნოს თავი წყალში, როგორც თევზმა. ეს წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.