ბექა ოდიშარია - „გორბის“ კვლევაზე ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია, მათ დაინახეს, რა კრახის წინაშე არიან, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს
„გორბის“ კვლევაზე ოპოზიციის რეაქცია ბუნებრივია, მათ დაინახეს, რა კრახის წინაშე არიან, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.
ოდიაშარიას თქმით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მათი გაერთიანების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა.
„ჩვენ გვქონდა ობიექტური გამოთვლების შედეგები და ეს დადასტურდა კიდეც აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული გამოკითხვით, მათ შორის, ალოკაციის გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ყველანაირი მოცემულობა ამისთვის არსებობს, ვგულისხმობ ხალხის ნდობას, რისთვისაც მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს. იქ ნათქვამია, რომ არის პლუს-მინუს 3% ცდომილების შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იქნება ეს ყველაფერი.
ოპოზიციური პარტიებმა, რომლებიც ახლა ხელოვნურად გაერთიანდნენ, კიდევ უფრო დააკნინეს ისედაც დაკნინებული რეიტინგი. ვფიქრობ, ეს კვლევაც სწორედ ამ 4 გაერთიანებამდე იქნა ჩატარებული და ოპოზიციას კიდევ უფრო მეტად დააკლდება ხმები. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რადიკალური დღის წესრიგი, საკუთარი ქვეყნის მიმართ მავნებლური ქცევა რაც უფრო გაღრმავდება, გაძლიერდება, უფრო და უფრო მეტ მომხრესა და ხმას დაკარგავენ. შესაბამისად, ამ შედეგებით და ჩვენი პროგნოზით, „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და დააკომპლექტებს მთავრობას“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.