ბექა ოდიშარია - გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება მათ ინტერესში არ ჯდება, მივანიშნებ აშშ-ს, ქართველი კაცი ყველაფერს იტანს, უსამართლობისა და ჩაგვრის გარდა
ჩემთვის გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება პოლიტიკურ გემოვნებაში ან დაფარულ ინტერესში არ ჯდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, ქართველი კაცი ყველაფერს იტანს, უსამართლობისა და ჩაგვრის გარდა.
„არ მინდა, ვიფიქრო, რომ პოლიტიკაშიც და პარტნიორობაშიც ძალა აღმართს ხნავს, რადგან სხვა შემთხვევაში სანქციების დაწესება რა დამოკიდებულებაა სუვერენული ქვეყნის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, ძალოვნების მიმართ? რაიმე პრეტენზია თუ არსებობს, ამას სისხლის სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს და შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდონ, დამნაშავეები დაისაჯონ. ჩემთვის გაუგებარია გარედან დასანქცირება იმის გამო, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მოქმედება პოლიტიკურ გემოვნებაში ან დაფარულ ინტერესში არ ჯდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მოვუწოდებ და მივანიშნებ – ქართველი კაცი ყველაფერს იტანს, უსამართლობისა და ჩაგვრის გარდა. შესაბამისად, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებში დამკვიდრებული ნუ იქნება ის, რაც მიუღებელია, რომ ძალა აღმართს ხნავს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები და სავიზო შეზღუდვები დააწესეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ხოლო სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები გამოაცხადა ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის მიმართ.