ბექა ოდიშარია - ევროპის დედაქალაქებში ვიზიტები ნიშნავს, რომ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, დარწმუნებული ვარ, მთავრობის, პარლამენტის ძალისხმევა ამ ჯერზე ღირსეულად იქნება დაფასებული
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ევროპის დედაქალაქებში „ქართული ოცნების“ ლიდერების გახშირებული ვიზიტები ნიშნავს, რომ აქტიურად მუშაობენ პარტნიორებთან.
ოდიშარიას თქმით, ვისაც არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანამატები. ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამჯერად დაფასებული იქნება.
„მავნებლური ძალები ყველა მოცემულობას აყენებენ თავდაყირა. ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ ცდას, რომ შექმნან ყალბი აღქმები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ფაქტებზე დაყრდნობით. ევროპის ყველა დედაქალაქში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“თავმჯდომარის და ჩვენი სხვა ლიდერების გახშირებული ვიზიტები ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. სხვა შემთხვევაში, ხედავთ, რომ ამ ხალხს სცალია მხოლოდ იმისთვის, რომ შიგნით „მოლოტოვის კოქტეილები“ დაამზადონ და პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადონ. მეორე შემთხვევაში, ევროპულ, ძალიან მნიშვნელოვან კორიდორებში დაწვან საქართველოს გზა ევროპისკენ და ევროპული ოჯახისკენ. მერწმუნეთ, ერთადერთი ძალა, რომელსაც არ აწყობს, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანამატები, სატელიტები. შესაბამისად, საზოგადოება ამ ყველაფერს შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, იმ ძალისხმევას, რომელსაც სწევს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, ამ ჯერზე ღირსეულად და ობიექტურად დააფასებს საერთაშორისო მეგობრობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში.